კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში არჩევნების გასაშუქებად მყოფ საერთაშორისო მედია საშუალებებს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილაშვილმა უცხოურ მედიასთან წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ჟურნალისტების კითხვები ძირითადად მთავრობის საგარეო პოლიტიკური კურსზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობასა და ევრო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეეხებოდა. გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მისი როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი მოვალეობა ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსის უზრუნველყოფა იქნება.
გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და პრესკონფერენციაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა : “ კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით იმას, რომ ჩვენი კურსი ევრო და ევრო-ატლანტიკური მიმართულებით არის ურყევი. ნოემბრის ბოლოს ველით დიდ წარმატებას ვილნიუსის სამიტზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, ჩვენ უაღრესად ეფექტურად და მშვიდად ვახორციელებთ ტემპერატურისა და დაძაბულობის დაწევას რუსეთის ფედერაციასთან,“-განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატთან შეხვედრას საერთაშორისო მედიის 50 -მდე წარმომადგენელი დაესწრო.