სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის მუშაობის ერთწლიანი შედეგები შეაჯამა და სამინისტროში დაგეგმილ საკანონმდებლო ნოვაციებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, სასჯელაღსრულების სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი აქტიურად ამოქმედდა. კომისიამ და ადგილობრივმა საბჭოებმა კანონით დადგენილ ვადებში დაიწყეს მსჯავრდებულთა შუამდგომლობების განხილვა.
2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე, სამინისტროს ადგილობრივმა საბჭოებმა მსჯავრდებულთა პირობითი ვადამდე გათავისუფლების შესახებ 10539 შუამდგომლობა განიხილეს. შედეგად, პირობითი ვადამდე გათავისუფლდა 2 292 მსჯავრდებული. მაშინ როდესაც, 2010 წლის 1ოქტობრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე ადგილობრივმა საბჭოებმა 9340 მსჯავრდებულის შუამდგომლობა განიხილეს და პირობით ვადამდე მხოლოდ 841 მსჯავრდებული გაათავისუფლეს.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულების მხრიდან დანაშაულის მხოლოდ 58 (2.5%) რეციდივი დაფიქსირდა, ხოლო, 2010 წლის 1 ოქტომბრიდან 2012 წლის 1 ოქტომბრამდე, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიისა და ადგილობრივი საბჭოების მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლებულ 841 მსჯავრდებულთაგან 41-მა (4.9%-მა) გათავისუფლების შემდეგ განმეორებით ჩაიდინა დანაშაული.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ გაცხადებული რეფორმების უზრუნველსაყოფად, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის თავმჯდომარესთან ეკა ბესელიასთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი შემუშავდა. ცვლილებები 5კანონში - პატიმრობის კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში, საგადასახადო კოდექსსა და „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ კანონში შედის. ცვლილებების საფუძველზე არაერთი მნიშვნელოვანი ნოვაციის განხორციელება იგეგმება, მათ შორისაა:
პატიმრების კლასიფიკაცია მათი ქცევისა და ცხოვრების წესის შესაბამისად (ობიექტური ნიშნით კლასიფიკაცია) და შეფასების შედეგად გამოკვეთილი რისკების მიხედვით მათი გადანაწილება შესაბამისი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;
2 ახალი ტიპის დაწესებულების შექმნა: დაბალი რისკის ნახევრად ღია ტიპის სპეციალური დაწესებულება და განსაკუთრებული მეთვალყურეობის ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.
მსჯავრდებულთა უფლებების გაზრდა და სასჯელის მოხდის პირობების გაუმჯობესება დაბალი რისკის ნახევრად ღია დაწესებულებაში. გაიზრდება საცხოვრებელი ფართი; გაფართოვდება იმ პირთა წრე, ვისაც უფლება აქვს შეხვდეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს; მსჯავრდებულს 1 თვის განმავლობაში შეიძლება ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი; 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით შეიძლება ჰქონდეს ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული – არა უმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; 1 წლის განმავლობაში იქნება 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − წელიწადში 3 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
განსაკუთრებული მეთვალყურეობის ტიპის დაწესებულებაში შეიძლება განთავსდეს მხოლოდ მაღალი რისკის მსჯავრდებულები, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან/და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან მათ გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცავი ორგანოების უსაფრთხოებას. აქ განთავსებულ მსჯავრდებულს უფლება აქვს ჰქონდეს: 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით 1 სატელეფონო საუბარი არა უმეტეს 10 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არა უმეტეს 10 წუთისა. 1 თვის განმავლობაში 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შედეგად იქნება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების 4 ტიპი (გარდა ქალთა და არასრულწლოვანთა დაწესებულებებისა): დაბალი რისკის დაწესებულება; ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება; დახურული ტიპის დაწესებულება და განსაკუთრებული რისკის დაწესებულება.
იგეგმება მასშტაბური რეფორმა არასრუწლოვანთა სასჯელაღსრულების მიმართულებით, რის შედეგადაც არასრუწლოვანთა სპეციალიზებული დაწესებულება სარეაბილიტაციო დაწესებულებად ტრანსფორმირდება.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიზანია, პირმა სასჯელი მაქსიმალურად ღირსეულ და უსაფრთხო პირობებში მოიხადოს. დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მოხდეს მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და საზოგადოებას სრულფასოვან წევრად დაბრუნება.