„ჩემი მიზანია პოლიტიკური სიმშვიდე მოვიტანო ამ ქვეყანაში და თქვენი მხარდაჭერით  ეს მოხდება ზუსტად ორ თვეში“

„ჩემი მიზანია პოლიტიკური სიმშვიდე მოვიტანო ამ ქვეყანაში და თქვენი მხარდაჭერით ეს მოხდება ზუსტად ორ თვეში“

კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მეორე დღეა იმერეთის მოსახლეობას ხვდება. დღეს ბაღდათსა და სოფელ დიმში გამართული შეხვედრების შემდეგ, კოალიციის კანდიდატმა წყალტუბოში ოტია იოსელიანის საფლავი მოინახულა და მწერლის ხსოვნას პატივი მიაგო. წყალტუბოს ცენტრში შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ წარუდგინეს. კოალიციის კანდიდატს მხარდაჭერა მსახიობებმა გივი ბერიკაშვილმა და კახი კავსაძემ გამოუცხადეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.

გიორგი მარგველაშვილმა წყალტუბოში შეკრებილ მოსახლეობას მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმები გააცნო და არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა: „ჩემი მიზანია პოლიტიკური სიმშვიდე მოვიტანო ამ ქვეყანაში და თქვენი მხარდაჭერით ეს მოხდება ზუსტად ორ თვეში. პოლიტიკურ სტაბილურობას მოჰყვება ეკონომიკის აღორძინება. ის რაშიც ვიცხოვრეთ ათი თვე, უნდა დამთავრდეს და დამთავრდება თქვენი ხელით. კოჰაბიტაცია არის ტყუილი, ამიტომ არა მხოლოდ თქვენ უნდა მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, არამედ უნდა ურჩიოთ თითოეულ თქვენს მეზობელს, მეგობარს და უთხრათ რომ ჩვენ ერთად ვაპირებთ მოძრაობას ამ მიმართულებით“

კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს საღამოს ქუთაისში ტელეკომპანია „ რიონის „ ეთერში ისაუბრებს. ხვალ კი ნიკორწმინდას ეწვევა.