ბატონო ლადო,
გილოცავთ უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში ღირსეულ გამარჯვებას!
თქვენ, ცხადია, ამ კონკურსში მონაწილეობის დროს ხელმძღვანელობდით იმ მაღალი აზრით, რომ თანამედროვე ცივილიზაციას საფუძვლად უდევს მეცნიერება და მეცნიერულ ცოდნაზე დაფუძნებული განათლება, ხოლო ის კონკრეტული საზოგადოება, რომელსაც ეს არა აქვს გააზრებული (ან გააზრებული აქვს, მაგრამ არ შესწევს მისი პრაქტიკული რეალიზაციის უნარი), თანამედროვე გლობალისტურ მსოფლიოში კულტურული (ამ სიტყვის ფართო მნიშვნელობით) თვალსაზრისით დასაღუპად არის განწირული.
მთელმა განვლილმა საუკუნემ დაადასტურა, რომ ის სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ გადამწყვეტ ეტაპზე თქვენ ჩაუდექით სათავეში, დღიდან დაარსებისა, არა მარტო მეცნიერებისა და განათლების დონეს განსაზღვრავდა საქართველოში, არამედ იყო ეროვნული ცნობიერების საძირკველი, ქართული კულტურის განვითარების გარანტი და, ამასთანავე, კულტურულ მსოფლიოსთან უწყვეტი კავშირის სიმბოლო...
ამ ნიშანდობლივ ჟამს კიდევ ერთხელ გავიხსენებთ დიდი ივანე ჯავახიშვილის სიტყვებს: „სულ სხვაა უნივერსიტეტი. იქ მეცნიერება მთელი თავისი მრავალმხრივობითა და მრავალფეროვნებით სუფევს... იქ ერთად მოღვაწეობენ სიცოცხლითა, ნიჭითა და გამბედაობით სავსე ახალგაზრდა მეცნიერებიც და სიბრძნის ბრძმედად გაკაჟებულნი განთქმულნი მეცნიერნიც“.
ცხადია, იმისათვის, რომ უნივერსიტეტში „მეცნიერება მთელი თავისი მრავალმხრივობითა და მრავალფეროვნებით სუფევდეს“, აღდგეს და განვითარდეს თაობათა ურთიერთკავშირი, ტრადიციისა და ნოვაციის ჰარმონიული ერთიანობა, პირველ რიგში, მის რექტორს სახელმძღვანელოდ უნდა ჰქონდეს უნივერსიტეტის ეს განსაკუთრებული მნიშვნელობა, როლი და ადგილი ქვეყნის თანამედროვე ცხოვრებაში.
დარწმუნებული ვართ, თქვენ გამსჭვალული ხართ იმ მაღალი პასუხისმგებლობით, რომელსაც პერსონალურად გაკისრებთ უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს ამ დიდ საქმეში და, ამასთანავე, ხაზგასმით აღვნიშნავთ ერთ - არსებითი მნიშვნელობის გარემოებას:
16 აგვისტოს საუნივერსიტეტო არჩევნების შედეგი, ერთი მხრივ, კონკრეტული გამოხატულებაა საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული პოლიტიკური ცვლილებებისა და, ამასთანავე, ამ არჩევნებმა და მასში თქვენმა გამარჯვებამ ქართველ საზოგადოებას მისცა რეალური შესაძლებლობა, დაიბრუნოს ბოლო საუკუნეების ეროვნული კულტურის ყველაზე დიდი მონაპოვარი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პატივისცემით,
„ქართული აკადემია“
17.VIII.2013