მუნიციპალური განვითარების ფონდმა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 16 საცხოვრებელი სახლი ააშენა.
ამის შესახებ ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც 6 თვის მუშაობის ანგარიში წარმოადგინა.
ხოკრიშვილის განცხადებით, 6-თვიანი მუშაობის შედეგად, დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში - ზესტაფონში, ფოთში, ზუგდიდში, მარნეულში, ქარელში, გორში, თერჯოლში, კასპში, მცხეთში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ვანში აშენდა. ამასთან, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 11 კორპუსს. ასევე, 12 სოფელში განხორციელდა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია. ჯამში, აღნიშნული პროექტებისთვის ფონდმა 9 მილიონი ლარი დახარჯა.
გარდა ამისა, 2013 წელს ფონდმა დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიცაა სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია. ხოკრიშვილის თქმით, კონფლიქტის ზონაში მდებარე სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემაზე მუშაობა განაღმვითი პროცესის ფონზე მიმდინარეობდა.
საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო ღირებულებაა 13 365 000 ლარია. ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად, 23 სოფლის 8500 ჰექტარი მიწა მოირწყვება, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად კი 16 სოფლის 9700 ჰექტარი. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულმა სოფლებმა მიწის ნაკვეთების მორწყვა წელს უკვე შეძლეს.