21 წლის წინ აფხაზეთის ომი დაიწყო. ბოლშევიკური ბორკილებიდან სრულიად ახლად განთავისუფლებულ ქართულ სახელმწიფოს მოუწია საკუთარი ტერიტორიების დასაცავად საბრძოლო მოქმედებებში ჩართვა. იარაღის, საკვების, ამუნიციის, ფინანსების, გამოცდილების და ცოდნის არქონით, მაგრამ სამშობლოსადმი უზომო სიყვარულით და ჩირაღდნად ანთებული გულებით ქართველმა ჯარისკაცებმა 13 თვე და 13 დღე გაუძლეს რუსული იმპერიის შემოტევებს და რომ არა მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური უსუსურობა, არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა და რით დამთავრდებოდა ყველაფერი. შორიდან, სხვისი თვალებით დანახული ეს ომი ათასგვარ ბინძურ სურათს ხატავს: ყაჩაღები, მოროდიორები, სისხლს მოწყურებული ბანდიტები, ბინძური ომი. არ ვიცი რა ეპითეტებით ვართ შემკობილები ზოგიერთებისგან.
ვიღაცისთვის აფხაზეთის ომი სამშობლოს ღალატია, აგვისტოს ომი სამშობლოს პატრიოტიზმი, ხოლო იმათთვის, ვისაც უომია, ეს პასუხისმგებლობის გრძნობაა ოჯახის, ახლობლების, მომავალი თაობების და სამშობლოს წინაშე. მისცე სამშობლოს ყველაფერი და მიიღო მისგან ის რასაც სამშობლო მოგანიჭებს. სამშობლოს მეომარი სამარადაჟამოდ რჩება საკუთარი ქვეყნის დამცველად, იგი მხოლოდ სამშობლოს ეკუთვის და მას არა აქვს დროის საზღვარი. ჯარისკაცები არ იწყებენ და არ აგებენ ომებს. ისინი ბრძანებებს ასრულებენ და საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე დებენ სამშობლოს და თანამემამულეების კეთილდღეობისათვის. ვისაც უომია, იგი ყველაზე მძაფრად შეიგრძნობს მშვიდობის ფასს.
ვისაც უომია, მას ყველაზე მეტად სტკივა მის თვალწინ დაღუპული თანამებრძოლი, სტკივა ის დაღუპულიც ვისაც ესროდა, მაშინ მისთვის ის მტერი იყო, მაგრამ მერე, ხანგრძლივი დროის შემდეგ აცნობიერებდა, რომ ისიც მისი ძმაა ბინძური პოლიტიკის მიერ მტრად ქცეული. რამდენი დაიღუპა, რამდენის საფლავიც არ არსებობს, რამდენი დარჩა სამუდამოდ სახიჩარი ბარიერის ორივე მხარეს, მიუხედავად ამისა ისინი სუყველანი სამშობლოს მეომრები არიან. მუხლს ვიყრით დაღუპულების წინაშე, ქართველების და აფხაზების. ვისაც სწამდა, რომ სამშობლოს კეთილდღეობისათვის იბრძოდა.
21 წელი გავიდა, მაგრამ ტკივილი არ განელებულა და არ ვიცით რა დრო დასჭირდება ამ ტკივილის დაამებას. ვცოცხლობთ იმედით, რომ ოდესმე ერთამენთს პატიებას ვთხოვთ, შევრიგდებით და ამით ჩვენი დაღუპულების სულებსაც უფლის მადლი მოეფინება. ჩვენი მომავალი თაობებისთვის კი იქნება მწარე გაკვეთილი სულში აღბეჭდილი: ეს აღარ უნდა განმეორდეს.
უფალმა სასუფეველში დაუმკვიდროს სამარადჟამოდ მათ ადგილი. ცოცხლები კი ყოველთვის ვილოცებთ ჩვენი სისხლისა და ტყვიის ძმების და დების სულებისათვის და მომავალ თაობებს შევუნახავთ მათი გმირობის ისტორიას.