საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით შერვაშიძემ და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო საქართველოში“ (სიდა) აღმასრულებელმა დირექტორმა, ზვიად დევდარიანმა მოაწერეს ხელი.
,,სოფლის მეურნეობის სამინისტრო სექტორის განვითარებისთვის სისტემურ რეფორმებს ახორციელებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი რაიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების შექმნაა. აღნიშნული სამსახურები კონსულტაციას უწევენ მოსახლეობას და ეხმარებიან მათ მიიღონ სრულყოფილი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სფეროში თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ. ,,სიდასთან“ გაფორმებული მემორანდუმი საზღვრისპირა რაიონების სამსახურების ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მხარდაჭერას გულისხმობს, რაც დაეხმარება ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის მოსახლეობას განავითარონ სოფლის მეურნეობა და მიიღონ მეტი შემოსავალი,“ - განაცხადა დავით შერვაშიძემ.
მემორანდუმის მიზანია აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საზღვრისპირა რაიონებში (ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის) საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონული საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების ხელშეწყობა და რეგიონებში ეკონომიკის განვითარება. მემორანდუმი ითვალისწინებს რაიონული სამსახურების თანამშრომელთა პროფესიული განვითარების კუთხით ტრენინგებს, საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის უზრუნველყოფას, ასევე რეგიონის მოსახლეობისთვის საბაზრო, ტექნიკური, სამართლებრივი და სხვადასვა სახის ინფორმაციის მიწოდებას.
მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“-ს დირექტორი ტომას რეინოლდსი და ,,ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის“ წარმომადგენლები.
მემორანდუმი გაფორმდა პროექტის „მოქმედი მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მიერ და ხორციელდება ,,ქეა ავსტრია“-სა (CARE Austria) და ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში“-ს (CARE International in the Caucasus) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად - სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CIDA) საქართველოში და აგრობიზნესის და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD) სომხეთში.
პროექტი „მოქმედი მხარეები ერთიანდებიან ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) სამწლიანია და მიზნად ისახავს საზღვისპირა რაიონებში მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დახმარებას სიღარიბის დაძლევაში. აღნიშნული პროექტი აკავშირებს კერძო სექტორის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ხელს უწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. პროექტის ამოცანაა სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა კოორდინირებული მუშაობა, ბაზრის განვითარებისთვის სტრატეგიის შექმნა, ასევე ადგილობრივი ფერმერების საბაზრო ინფორმაციაზ ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შემოსავლების ზრდის შესაძლებლობა. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 1.135.200 ევროს.