12 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს ისტორიულ ციხე-ქალაქ ნოქალაქევში, გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო კამპანია გახსნილად გამოცხადდა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ კამპანია სტარტს იმ ისტორიული ადგილიდან იღებს, საიდანაც ქვეყნის გაერთიანება დაიწყო, ქუჯის ციხე-გოჯი ქვეყნის ერთიანობის სიმბოლოა.
„ღრმად მწამს, რომ გიორგი მარგველაშვილის გამარჯვება იქნება ჩვენი ქვეყნის საერთო გამარჯვება, ეს კი გარანტია იქნება იმისა, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დაადგება დემოკრატიული წესრიგის დამკვიდრების, წინსვლისა და განვითარების გზას. გიორგი მარგველაშვილი ყველას ინტერესების დამცველი იქნება!“ - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა
პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა ამომრჩეველს მიმართა. მისი განცხადებით, ქართველ ხალხს არ სჭირდება გადაკეთება, მას უნდა შეუქმნა პირობები, რომ შესძლოს საკუთარი თავის რეალიზება.
„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ხალხი მზადაა, ერთად მივყვეთ და ბოლომდე განვახორციელოთ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას შეუქცევადს გახდის; ცვლილებები, რომლებიც ჩვენს სამშობლოს მოწინავე, პროგრესულ სახელმწიფოთა რიგში ჩააყენებს. ეს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ. ამისათვის ხალხის მხარდაჭერა, თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება და მჯერა, რომ ეს მხარდაჭერა გვექნება! ჩვენ ერთად დავიწყეთ ცვლილებები და ერთად გავაგრძელოთ წინსვლა! „ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა კამპანიის დაწყების პრეზენტაციაზე საარჩევნო შტაბის უფროსად დავით საგანელიძე დაასახელა.