ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. მან უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტს განცხადებით უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 29-ე მუხლის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარე თანამდებობიდან ვადამდე თავისუფლდება საქართველოს პარლამენტის დადგენილებით. პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის საკითხზე გადაწყვეტილება 15 კალენდარული დღის ვადაში უნდა მიიღოს. თუ პარლამენტმა აღნიშნულ ვადაში გადაწყვეტილება ვერ მიიღო, ამ ვადის გასვლის მომდევნო დღიდან თავმჯდომარე გადამდგარად ჩაითვლება.
ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 15-ე დღისა პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცესკოს წარუდგენს 3 კანდიდატურას. ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრები (გარდა წინა საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე პარტიის მიერ დანიშნული წევრისა) თავმჯდომარეს 5 დღის ვადაში ირჩევენ.
თუ ზემოაღნიშნული წესით ცენტრალური საარჩევნო კომისია ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, იმავე კანდიდატურებიდან ცესკოს თავმჯდომარეს 7 დღის ვადაში ირჩევს საქართველოს პარლამენტი.