ქართულ-რუსული ომის წლისთავი

ქართულ-რუსული ომის წლისთავი

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის ომის წლისთავი აღინიშნა. ეს ომი მისი სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის გამო მოხდა.

8 აგვისტოს ქართულ ქალაქ გორში ომში დაღუპულებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და სამხედრო პარადი გაიმართა.

იმავე დღეს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოსცა განცხადება, სადაც საქართველოს მოუწოდებდა ხელი მოეწერა ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებაზე, რათა „განიმუხტოს დაძაბულობა სასაზღვრო ზოლში და შეიქმნას ორ ქვეყანას შორის ნდობის აღდგენის წინაპირობა“.

სამხრეთ ოსეთის დედაქალაქში, ცხინვალში, 8 აგვისტოს საფუძველი ჩაეყარა სამხედრო მემორიალს. ცერემონიაში მონაწილეობდნენ სამხრეთ ოსეთის ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, მთავრობის წევრები და სტუმრები, რომელთა შორის იყვნენ ჩრდილოეთ ოსეთის ოფიციალური წარმომადგენლები.

2008 წლის ხუთდღიანი ომის შედეგად რუსეთის ჯარმა ქართული ჯარი სამხრეთ ოსეთიდან გამოაძევა და მოსკოვმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს კიდევ ერთი სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

რუსეთის პრემიერმინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა, რომელიც 2008 წელს პრეზიდენტი იყო, 8 აგვისტოს სოჭში, მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წევრებს უთხრა, რომ მოსკოვს უნდა გადაერჩინა პატარა ტერიტორია, სამხრეთ ოსეთი, სადაც რუსეთის მოქალაქეები ცხოვრობენ.

„მე მიმაჩნია, რომ შეირაღებულმა ძალებმა და მთელმა ქვეყანამ კეთილშობილური საქმე გააკეთა“, განაცხადა მან. „(ჩვენ) ჩვენი ხალხის დაცვის საქმეში გამოვიჩინეთ სიმტკიცე, გადავარჩინეთ განადგურებას ადამიანები და შევქმენით მშვიდობიანი გარემო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის განვითარებისათვის.


„არავითარი ილუზიები“

7 აგვისტოს, „რადიო თავისუფლებაში“ გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ, რომელიც კონფლიქტის დროს გაეროში საქართველოს ელჩი იყო, განაცხადა, რომ თუმცა შეიძლებოდა 2008 წლის კონფლიქტის თავიდან აცილება, ეს მაინც ძნელი იქნებოდა.

„უკვე 5 წელი გავიდა კონფლიქტის შემდეგ, მაგრამ ჭრილობები ჯერაც ძალიან მტკივნეულია ჩვენთვის, თუმცა, ვფიქრობ, ოსებისთვისაც“, განაცხადა მან. „რეალურად, შეიძლებოდა ამ კონფლიქტის, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მწიფდებოდა, თავიდან აცილება. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ თვეებით ადრე (შეიარაღებულ კონფლიქტამდე) რუსული ჯარების განლაგებას ჩრდილო კავკასიაში და პროცესებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში (სამხრეთ ოსეთში), ვფიქრობ, პროცესზე ზეგავლენა უკვე დაგვიანებული იყო“.

ოქტომბერში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (რომელსაც ვადა ეწურება) პარტიამ წააგო საპარლამენტო არჩევნები მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის კოალიციასთან და გაჩნდა იმის იმედი, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობები გამოსწორდება.

ივანიშვილმა, რომელიც ამჟამად პრემიერმინისტრია, რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება თავისი საგარეოპოლიტიკური კურსის პრიორიტეტად დაასახელა.

მაგრამ ალასანია აცხადებს, რომ რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი ომის შემდეგ არ შეცვლილა.

„ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ურთიერთობები რუსეთთან მალე დარეგულირდება“, განაცხადა მან. „ჩვენ ვერ ვხედავთ ვერავითარ ცვლილებებს რუსეთის დამოკიდებულებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და საქართველოს მისწრაფებისადმი ნატოში. ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვგრძნობთ ცვლილებას რუსეთის პოზიციაში“.

მიხეილ სააკაშვილმაც ქართული ტელევიზიისათვის 7 აგვისტოს მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსკოვი ახლაც ცდილობს, იძულებით ათქმევინოს უარი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. მან დასძინა, რომ მოსკოვთან ურთიერთობის გამოსწორება რუსეთის ამჟამინდელი მმართველების პირობებში შეუძლებელია.

foreignpress.ge