ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში გამოხატავს შეშფოთებას ფიზიკური დაბრკოლებების მიმდინარე მშენებლობასთან, ღობეების განთავსებასთან, მიწათხრილების და ტრანშები გაყვანასთან დაკავშირებით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აღნიშნული მზარდ გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე და საცხოვრებელ პირობებზე.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე აღნიშნავს, რომ კვლავაც მეორდება დაკავების შემთხვევები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. მისიამ დააფიქსირა უფრო შემზღუდველი გადაკვეთის პროცედურების შემოღების ტენდენცია, რომელიც აძნელებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას.
„აღნიშნული მზარდი რაოდენობის დაბრკოლებები გავლენას ახდენენ საარსებო სახსრებზე, ვინაიდან აფერხებენ ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესს და აცალკევებენ მოსახლეობას და თემს“, – განაცხადა მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ჟერარ ფიშერმა. „გარდა ამისა, ეს დაბრკოლებები სულ უფრო მეტად ზღუდავენ ნებისმიერ შესაძლო კონტაქტს ხალხებს შორის, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია თემებს შორის ნდობის აღმოცენებისთვის.“
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამ სადავო ტერიტორიების პატრულირებას საქმიანობათა ზუსტი და ფაქტობრივი ჩანაწერის შენარჩუნების მიზნით. მისია გააგრძელებს ცხელი ხაზის და ყველა სხვა ხელმისაწვდომი კომუნიკაციის გამოყენებას, რათა ყველა მხარეს მიეცეს შესაძლებლობა გამოავლინოს და იმსჯელოს რეგიონალური გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც დადებით გავლენას მოახდენენ ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
http://www.eumm.eu/en/press_and_public_information/press_releases/3942/