„ჰამარბერგის წერილს პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს“

„ჰამარბერგის წერილს პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს“

საქართველოში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგმა მთავარი პროკურორის მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს 2013 წლის 13 ივლისს "ტრაქტორების საქმეზე" წერილი მიწერა.

თომას ჰამარბერგი მიიჩნევს, რომ სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდნენ ე.წ. "ტრაქტორების საქმეზე" პატიმრობაში მყოფი ადამიანები, რადგან არ არსებობს არანაირი საფუძველი მათი დაკავებისა და რომ იგი ეთანხმება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალოგიურ დასკვნას ამ საქმის თაობაზე.

"დაკვირვებით შევისწავლე აღნიშნული დოკუმენტი და კვლავ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს არის მტკიცებულებებით გამყარებული საქმე მათ წინააღმდეგ, ვინც ეჭვმიტანილად სცნეს." - წერს ჰამარბერგი ლაშა ნაცვლიშვილს. ამავე წერილში ჰამარბერგი წერს, რომ საკუთარი მოსაზრება და რეკომენდაციები პრემიერ მინისტრსაც აცნობა.

ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ რომელიც პირადად იცნობს თომას ჰამარბერგს და როდესაც ის უფლებადამცველი იყო, არაერთხელ შეხვედრია მას, აცხადებს, რომ "თომას ჰამარბერგის კომპეტენციასა და ავტორიტეტში ეჭვი არავის ეპარება. ის სწორედ იმიტომ ჩამობრძანდა საქართველოში პრემიერის მოწვევით, რომ რეკომენდაციები მოგვცეს ადამიანის უფლებათა საკითხებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ ჰამარბერგის წერილს პროკურატურამ პასუხი უნდა გასცეს და არგუმენტირებული ფაქტები წარმოადგინოს. შესაძლებელია, პროკურატურას დრო ჭირდება, არც ამას გამოვრიცხავ და ალბათ ასეცაა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ქვეშ მოექცა და ბუნებრივია, მედიის დაინტერესებაც დიდია.

მე კარგად არ ვიცნობ აღნიშნული საქმის მასალებს, მაგრამ საბოლოო სიტყვას სასამართლო იტყვის. როგორიც იქნება პროკურატურის მიერ წარდგენილი ფაქტები და მასალები, ისეთი იქნება სასამართლოს გადაწყვეტილებაც. სასამართლო რომ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს იღებს და მის საქმიანობაში არავინ ერევა, ამაში მგონი ეჭვი აღარავის ეპარება თუნდაც ბოლო პროცესებიდან გამომდინარე."