დღეს გამართულ ბრფინგზე საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა თორნიკე ჭეიშვილმა ისაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის ეფექტურ მუშაობასა და თანამშრომლობაზე საზოგადოებასთან. თუმცა, აღნიშნა,რომ შეიმჩნეოდა საპარლამენტო უმცირესობის პასიურობა ზემოხსენებულ პროცესში.
რაც შეეხება უშუალოდ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს, „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისთა ასოციაციამ“ მოამზადა სარეკომენდაციო პაკეტი, რომელიც დღესვე გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და გამოქვეყნდება საჯაროდ. კერძოდ, ხსენებულ დოკუმენტში დადებითადაა შეფასებული საქართველოს კონსტიტუციიდან 29-ე მუხლის 11 პუნქტის ამოღება, რადგან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირისთვის უმაღლესი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შეზღუდვა არ წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის ქმედით მექანიზმს.
ასევე დადებითად შეიძლება შეფასდეს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილების შეკვეცასთან დაკავშირებული ცვლილებები,რომლებიც მოახდენს აღმასრულებელი ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციებში ჩარევის პრევენციას.
„საჭიროდ მიგვაჩნია კონსტიტუციის გადასინჯვის მექანიზმში რედაქციული (ნაწილობრივი გადასინჯვა) და ფუნდამენტური (ზოგადი გადასინჯვა) ცვლილებების დიფერენცირება, დაცული მუხლების შემოღება, ორმაგი ვოტუმისა და პლებისციტის მექანიზმის არსებობა“ - აცხადებენ ასოციაციაში.