ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, "სააღსრულებო წარმოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებები კომერციულ-საბანკო სისტემას დიდ ზიანს მოუტანს".
ამის შესახებ კვირიკაშვილმა სააღსრულებო წარმოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც სააღსრულებო წარმოებების 1 თებერვლამდე გადავადებას ითვალისწინებს.
"ჩვენმა სამინისტრომ ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნები გააგზავნა. სამწუხაროდ, საკითხი პირველი მოსმენით ისე გავიდა, რომ არ იყო შეჯერებული უმრავლესობასა და მთავრობას შორის. დიდი იმედი მაქვს, რომ იმ ვარიანტით, როგორცაა წარმოდგენილია, ეს საკითხი არ გავა. ეს ძალიან საფრთხილო საკითხია და მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხში მეტი სიფრთხილეა საჭირო. ჩვენ ვეთანხმებით, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, მთლიანად აღსრულების შეჩერება ეკონომიკისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. აქამდე არსებული კანონმდებლობაც, განსაკუთრებულ შემთხვევებში, აღსრულების შეჩერებას და გადადებას ითვალისწინებს. ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი კომერციულ საბანკო სისტემას საკმაოდ დიდ ზანს მოუტანს. დღეს დეტალებზე არ შევჩერდები, რადგან უახლოეს დღეებში უმრავლესობასა და მთავრობას შორის ამ საკითხზე საუბარი იქნება", - განაცხადა კვირიკაშვილმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ ის ვარიანტი, რაც პარლამენტში პირველი მოსმენით გავიდა, ეკონომიკის სამინისტროსთვის მიუღებელია.