„მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით. ეს ჩემი პირველი ვიზიტია და ვგრძნობ, რომ ეს ქვეყანა ჩემს ევროპულ იდენტობასთან ყველაზე ახლოსაა.
მოხარული ვარ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრით. ჩვენ განვიხილეთ მთელი რიგი გეგმები და იდეები თანამშრომლობის გააქტიურების თაობაზე. იმედი მაქვს, დისკუსია ხელს შეუწყობს უფრო ძლიერი კავშირების დამყარებას“,- განაცხადა ევროპის საინფორმაციოს არხის „ევრონიუსის“ პრეზიდენტმა მიქაელ პეტერსმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე პეტერსმა საქართველოსა და „ევრონიუსს“ შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრის თქმით, „ევრონიუსთან“ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილება, რაც, პირველ ეტაპზე,ე ვროკავშირის ქვეყნებში საინფორმაციო კამპანიის წარმოებას ითვალისწინებს.
კერძოდ, ითქვა, რომ საქართველომ წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე და ევროპელ ინვესტორებს ესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, თანამშრომლობა „ევრონიუსთან“ დადებითად აისახება ტურისტების მოზიდვის პროცესზე იმ ქვეყნებიდან, სადაც „ევრონიუსი“ მაუწყებლობს.