დღეს კეტრინ ეშტონმა (ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში) და შტეფან ფულემ (კომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში) გააკეთეს შემდეგი განცხადება:
„სიხარულით ვადასტურებთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ სამომავლო შეთანხმების (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შექმნის ჩათვლით) შესახებ მოლაპარაკებების არსებით დასრულებას. გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაია ფანჯიკიძესთან გამართულ შეხვედრებზე ჩვენ გამოვთქვით მადლიერება მოლაპარაკებებში მონაწილე საქართველოს მხარის წარმომადგენელთა მიზანმიმართულობის გამო, რომლებიც თავდაუზოგავად და ენერგიულად მუშაობდნენ მოლაპარაკებების დაწყების პირველივე დღიდან 2010 წელს.
იმედის თვალით შევყურებთ ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირებას აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალ სამიტზე, რომელიც გაიმართება ვილნიუსში 2013 წლის 20 ნოემბერს, ასევე ამ შეთანხმების შემდგომ ხელმოწერას ტექნიკური პროცედურების დასრულებისთანავე.
ეს გახლავთ უკიდურესად მნიშვნელოვანი ეტაპი როგორც ევროკავშირისათვის, ასევე საქართველოსთვის, და გზას უხსნის ევროკავშირთან საზიარო ღირებულებებზე, პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ ყოვლისმომცველ მოდერნიზაციასა და რეფორმებს. ეს შეთანხმება უშუალო ზეგავლენას იქონიებს ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ევროკავშირთან დაახლოვებს საქართველოსა და მის ყველა მოქალაქეს. ის აეწყობა არსებულ მჭირდო თანამშრომლობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.
ვულოცავთ ორივე მხარის ყველა წარმომადგენელს, ვინც წვლილი შეიტანა ამ შესანიშნავი შედეგის მიღწევაში“.
http://www.consilium.europa.eu/uedocs/cms_Data/docs/pressdata/EN/foraff/138378.pdf