რა ტერიტორიაც სააკაშვილმა მოუზომა, მავთულხლართებს იქ ავლებენ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, გუბაზ სანიკიძე ოკუპირებული ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მავთულხლართების გაბმის საკითხს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.
სანიკიძის განმარტებით, წინა ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იყო ის, რომ საერთაშორისო დონეზე ძლიერ ბერკეტად არასდროს გამოუყენებია "ყაზბეგის ხელშეკრულება".
"ნებისმიერი კონფლიქტი ყველგან და არა მარტო ჩვენთან გამოირჩევა იმით, რომ ორივე მხარეა დამნაშავე, რაღაც შეცდომაა ჩადენილი. მე არ დავიწყებ იმ საკითხებზე საუბარს, რა დააშავა რუსეთის ფედერაციამ, ოსურმა და აფხაზურმა მხარეებმა, მე მინდა შევაფასო ის, რაც შეგვეშალა ჩვენ. ძალიან ხშირად შეცდომები არის დანაშაულზე უარესი. პირველი – წინა ხელისუფლებამ უაპელაციოდ მოახდინა სამხრეთ ოსეთის აღდგენა, ე.წ. დროებითი ადმინისტრაციის შესახებ დოკუმენტი ამის პირდაპირი დასტურია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაულია ჩადენილი იმით, რომ არც ერთ საერთაშორისო შეკრებასა და მოლაპარაკებაზე ნახსენები არ იყო "ყაზბეგის ხელშეკრულება", რომელიც ზვიად გამსახურდიასა და ბორის ელცინის მიერ გაფორმდა. რატომ არ მოხდა ეს? - ეს შეკითხვა არ მაქვს წინა ხელისუფლებასთან, რადგან პასუხი არ აქვს და წაყრუებულია ამაზე. "ნაციონალური მოძრაობისთვის" საქართველოს ისტორია 2003 წლიდან იწყება, მათთვის წეთაღრიცხვა შეიცვალა საერთოდ... ისტორიულ სამართლიანობას გავურბივართ, არსად არ ვიცავთ თავს. ახალგორიც, რომელიც არასდროს შედიოდა კონფლიქტის ზონაში, არასდროს იქ არ იყვნენ მშვიდობისმყოფელების რაზმები, ზუსტად ამ გადაწყვეტილების მიხედვით არის დღეს იმ დღეში, როგორშიც არის. დღეს რუსეთი ამბობს, რომ რაც მოხაზა სააკაშვილმა, იქ ვავლებ მავთულხლართებსო. რაც მოუზომა მიშამ, იმას ავლებენ. მოდი დააბრუნოს მან რაც იყო და იმ 200 მეტრს გადავწევთ როგორმე", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
აღნიშნულ კონტექსტში, დეპუტატი ფიქრობს, რომ ქართული დიპლომატია უნდა გამოფხიზლდეს და "ყაზბეგის ხელშეკრულება" საერთაშორისო თანამეგობრობას გააცნოს.
"დღევანდელმა ხელისუფლებამ კეთილი უნდა ვინებოთ, ნებისმიერი მიმართულებით, სადაც კონტაქტი გვექნება, საკმაოდ აგრესიული დიპლომატიური ნაბიჯები უნდა გადავდგათ და მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ "ყაზბეგის ხელშეკრულების" შესახებ, სადაც რუსეთის ფედერაციას აღიარებული აქვს სამხრეთ ოსეთის ავტონომიის გაუქმება. რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება კი ელცინის ხელისუფლების სამართალმემკვიდრეა. იურიდიულად ჩვენ არ ვართ გამყარებული საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული დიპლომატია უნდა გამოფხიზლდეს, თორემ ვიქნებით კურიერები - წავიღებთ და ჩამოვიტანთ ამბავს", - აღნიშნა სანიკიძემ.