"აკვაპარკის" ზარალი, სავარაუდოდ, ასი ათასობით ლარია

"აკვაპარკში" ცეცხლის გაჩენის არც ერთი ვერსია არც გამოირიცხება და არც დასტურდება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "აკვაპარკის" ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, არსებობს როგორც უბედური შემთხვევის, ასევე განზრახ ან გაუფრთხილებლობით ცეცხლის გაჩენის ვერსიებიც. 

"ამ ეტაპზე არ გამოირიცხება არც ერთი ვერსია და არც დასტურდება. ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. არანაირი კონკრეტული სავარაუდო ვერსია არ გვაქვს. არის უბედური შემთხვევის ვერსია, ასევე, შესაძლებელია გამოიკვეთოს ვინმეს ბრალეულობა გაუფრთხილებლობაზე თუ განზრახ ჩადენაზე. კონკრეტული ვერსიების გამოკვეთისგან ჩვენ თავს ვიკავებთ, რადგან ამაზე კომპეტენტური ორგანო არის მუშაობს. ძიება მიმდინარეობს სხვისი ნივთის დაზიანებაზე ან განადგურებაზე ცეცხლსაშიში საშუალებით. საქმე აღძრულია განზრახ დანაშაულზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე კონკრეტულად არის დამნაშავე. როდესაც ხდება ასეთი ფაქტი ხდება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება განზრახი დანაშაულის მიმართულებით. ძიება რა მიმართულებას მიიღებს იმაზეა დამოკიდებული თუ რა გამოიკვეთება მტკიცებულებებში", - განაცხადა გიგუაშვილმა.

მისივე თქმით, ძიების პროცესში დაკითხულია ყველა თანამშრომელი.

"ძიებასთან დაკავშირებით დაიკითხა ყველა თანამშრომელი, მომსახურე პერსონალი, ადმინისტრაცია და ძალიან აქტიურად და ოპერატიულად მიმდინარეობს გამოძიება. ჩვენ ყველა იმ ინფორმაციას დეტალურად ვაწვდით, რომელიც გამოძიებას სჭირდება. პარალელურ რეჟიმში, მოკვლევას აწარმოებს სადაზღვევო კომპანია "ალდაგი BCI". სამმხრივი თანამშრომლობა მიდის ჩვენს, "ალდაგსა" და პოლიციას შორის. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში შედეგი იქნება", - აღნიშნა გიგუაშვილმა.

მისივე თქმით, განადგურებული ატრაქციონების ნაცვლად ახალი ატრაქტიონები გაკეთდება.

"თავად "ევრო პარკმა" შეძლო, რომ ის მონაკვეთი, რომელი მონაკვეთიც ხანძარს გადაურჩა, მწყობრში მოეყვანა და დამსვენებლების მიღება განაახლა. გარდა ამისა, ველოდებით სპეციალისტებს თურქეთიდან, რომლებიც განადგურებული ატრაქციონების ადგილზე სრულიად ახალ ატრაქციონებს ააგებენ.

ამასთან, როგორც გიგუაშვილი ვარაუდობს, ზარალი სავარაუდოდ ასი ათასობით ლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "აკვაპარკში" ცეცხლი 16 ივლისს გაჩნდა.