აშშ-ში ქართული დელეგაცია აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს შეხვდა. საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანთან შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ, პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა და საქართველოს ელჩმა აშშ-ში არჩილ გეგეშიძემ გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი იმ საკითხებს შეეხო, რომლებიც საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებსა და ქვეყნის სამომავლო განვითარებას ეხება.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საერთაშორისო გამოწვევებზეც ისაუბრეს.
განსაკუთრებული ყურადღება იქნა გამახვილებული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს მონაწილეობაზე საერთაშორისო მისიებში.
რაისმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი არის და რჩება საქართველოს მეგობრად.
შეხვედრის დროს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ქართულ მხარეს სხვადასხვა საკითხებში დახმარება აღუთქვა, მათ შორის ვაშინგტონის კონიუნქტურაში გასარკვევად საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება შესთავაზა.
თავის მხრივ, ქართულმა დელეგაციამ რაისს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავების შესახებ თავისი ხედვები გააცნო, ხოლო რაისისაგან ქართულმა დელეგაციამ მრავალი რჩევა და მხრდაჭერის დაპირება მიიღო.