"ქართული ოცნება" აჭარისწყალზე და მაჭახელაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საკითხი ეხება პლაჟშექმნელი ნატანის ოდენობის კატასტროფულ შემცირებას, რაც განადგურებით ემუქრება აჭარის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილს.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაცია ყურადრებით ადევნებს თვალს მდინარე - აჭარისწყალზე და მაჭახელაზე მიმდინარე ჰიდროელექტროსადგურების (ხელვაჩაური I, ხელვაჩაური II და კირნათიჰესი) მშენებლობების ირგვლის განვითარებულ მოვლენებს. პარტიის რაიონული ორგანიზაცია შეშფოთებას გამოთქვამს ჰესების მშენებლობით მოსალოდნელ იმ შედეგების შესახებ, რომლის თაობაზეც გარემოს შეფასების სპეციალურ ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივა". საკითხი ეხება პლაჟშემქნელი ნატანის ოდენობის კატასტროფულ შემცირებას, რაც განადგურებით ემუქრება აჭარის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილს. ამასთან, პარტია მიიჩნევს, რომ აბსოლუტურად გაუმართლებელია ჰესების მშენებელი კომპანია "აჭარა ენერჯი 2007"-ის არატრანსპარენტულობა და მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხების ირგვლივ დიალოგისთვის არამზაობა მაშინ, როცა ჰესები, გარდა ეკოლოგიური რისკების პროვოცირებისა, დატბორვას უქადის ხელვაჩაურის რაიონის 20-დე სოფელს, 200 ჰა -მდე სასოფლო-სამეურნეო სავარგულსა და ტყის მასივს", - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
განცხადების თანახმად, "ქართული ოცნების" ხელვაჩაურის რაიონულ ორგანიზაციას გააჩნია აგრეთვე დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ კირნათიჰესის მშენებლობისას არსებითად დარღვეულია პროექტით გათვალისწინებული პარამეტრები, რის შედეგადაც, "აჭარა ენერჯი 2007" გაუთვალისწინებელი ტექნიკურ-საინჟინრო პრობლემებს წინაშე დგას.
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ხელვაჩაურის რაიონულმა ორგანიზაციამ ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე გამართა კონსულტაციები საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო გამოთქვამს სრულ მზაობას შეისწავლოს ჩვენს მიერ მითითებული პრობლემები, აქტიურად ჩაერთოს მოსახლეობასთან დიალოგში და კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებულ აქტუალურ თემებზე საზოგადოების მეტი ინფორმირებულობა", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.