თბილისის მერიის თანამშრომლების დაკავებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამასახურმა განცხადება გაავრცელა.
განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
საქმე ეხება "თბილისის განვითარების ფონდს," რომელიც მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით, 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
გამოძიება სწავლობს დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის მითვისება გაფლანგვის სამ ეპიზოდს.
1. ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13 852 497 ლარის გაფლანგვის ფაქტს.
2. ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 000 000 ლარის მითვისების ფაქტს
3. არამიზნობრივად ე.წ. ფურშეტებზე, ნაციონალური მოძრაობის პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვს დახარჯულ 719 862 ლარს.
პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმე მდგომარეობს შემდეგში: 2011 წლის ნოემბერში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო უბნების ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის ხელმძღვანელობით დამზადდა პლასტიკური სახელფასო ბარათები 719 პიროვნებაზე, რომლებიც თითქოს მუშაობდენენ "თბილისის განვითარების ფონდში" შენობათა კვლევის სპეციალისტებად, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. დამზადებული პლასტიკური ბარათები, თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის ალექსი თაბუაშვილის მეშვეობით გადანაწილდა "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის ათი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე.
პლასტიკურ ბარათებზე ხელფასის სახით თანხები ირიცხებოდა ყოველთვიურად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე, საიდანაც თანხები პერიოდულად გამოქჰონდათ ა. თაბუაშვილს, დავით ავალიანს, დიმიტრი ჩხეიძეს და მერიის და გამგეობის 30-მდე თანამშრომელს. ამ ქმედებით აღნიშნული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ უკანონოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი ფულადი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული 719 პირიდან უმეტესობა მანამდე ფიქტიურად დასაქმებული იყო მერიის მიერ დაფუძნებულ "თბილსერვის ჯგუფში, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული.
მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მერის მოადგილემ - დავით ალავიძემ და "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილმა თავმჯდომარემ - გიორგი საბანაძემ, გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ სახელფასო პლასტიკური ბარათები და პარტიული მიზნებისთვის საჭირო თანხები უშუალოდ გამოეტანათ საბანკო ანგარიშიდან. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ფონდის ანგარიშიდან საბანკო ჩეკების საშუალებით, ნაღდი ფულის სახით, მათ 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით შვიდჯერ გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი.
რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ წინა საარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით შპს "სითი ივენთსა" და შპს " ფართი ჰაუსს", ფონდის სახელით გაუფორმეს ხელშეკრულებები, შესაბამისი მომსახურების გაწევაზე. 2012 წლის თებერვლიდან ივნისის თვის ჩათვლით ხსენებულმა საწარმოებმა ორგანიზება გაუკეთეს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით მოწყობილ ფურშეტებს, რომელთა ანაზღაურების საანცვლოდ "თბილისის განვითარების ფონდის" ანგარიშიდან გაიფლანგა 719 862 ლარი.
საერთო ჯამში "თბილისის განვითარების ფონდიდან" უკანონოდ მითვისებული და გაფლანგული იქნა 48 930 822 ლარი.
გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.