2004 წლიდან საქართველო ეხმარება ნატოს ეგიდით მიმდინარე უშიშროების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიას ავღანეთში. გასული წლის ოქტომბერში საქართველოს საჯარისო ნაწილების მნიშვენლოვანი ზრდის შემდეგ ამ მომენტისათვის 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება იქ, რითიც ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს როგორც არანატოს წევრი ქვეყნის მიერ შეტანილი წვლილი უდიდესია, ხოლო მთლიანობაში იგი სიდიდით მეხუთე უდიდესი კონტრიბუტორი გახლავთ.
“ჩვენ დიდად ვაფასებთ იმ აქტიურ მხარდაჭერას, რომელსაც საქართველო იჩენს ჩვენი ოპერაციების მიმართ - როგორც წარსულში, ასევე ამჟამად“, განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ნატო-საქართველოს კომისიის თავდაცვის მინისტრთა სხდომაზე, რომელიც 5 ივნისს გაიმართა. „ჩვენთვის უაღრესად ძვირფასია ქართველი ჯარისკაცების პროფესიონალიზმი და სიმამაცე. და ჩვენ პატივს მივაგებთ მათ თავგანწირვას.“
ამჟამად საქართველო ოპერაციას უზრუნველყოფს ორი ქვეითი ჯარის ბატალიონით, რომელიც აშშ სამხედრო ძალებთან ერთად იმყოფება ჰელმანდის პროვინციაში, ქვეითი ჯარის ოცეულით, რომელიც აშშ კონტინგენტთან ერთად მსახურობს ქაბულში, სამდიცინო პერსონალით, რომელიც ISAF-ს ეხმარება პროვინციის რეკონსტრუქციის ლიტვური გუნდის შემადგენლობაში, და სხვადასხვა ლოკაციაში მყოფი რამდენიმე შტაბის ოფიცრით.
რთული მისია ჰელმანდში
სამხრეთ ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის მუსა-კალას არასტაბილურ რაიონში ქართველი ჯარისკაცები პარტნიორობას უწევენ ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს პატრულირების განსახორციელებლად, გზისპირა ბომბების გაუვნებელყოფისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის დასამყარებლად. ჰელმანდის ერთ-ერთი სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მარშრუტის გაუვნებელყოფითა და უსაფრთხოების დაცვით ქართველმა ჯარისკაცებმა შეძლეს გადაადგილების თავისუფლებისა და ამ ტერიტორიაზე ადგილობრივი მთავრობის დაფუძნების დაწყების უზრუნველყოფა.
2014 წლის შემდგომი მისიის ერთგული
საქართველომ გამოხატა მზადყოფნა, განაგრძოს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების განვითარების ხელშეწყობა ISAF-ის მისიის 2014 წლის ბოლოს დასრულების შემდეგაც, როდესაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად გადაეცემა ავღანეთის ხელისუფლებასა და უსაფრთხოების ძალებს, „გადამწყვეტი მხარდაჭერის“ სახელით ცნობილ 2014 წლის შემდგომ მისიას საბრძოლო ხასიათი არ ექნება. მნიშვნელოვანწილად მცირე იქნება და მის მიზნებში შევა ავღანეთის ძალების წვრთნა, კონსულტირება და მხარდაჭერა. საქართველოს მთავრობამ ასევე ვალდებულება აიღო, ფინანსური დახმარება გაუწიოს ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს მათი შემდგომი განვითარების მიზნით.
http://www.nato.int/cps/en/natolive/news_101633.htm?utm_source=twitter&utm_medium=smc&utm_campaign=130626+georgia+contributor