როგორც კი საქართველო ყველა საჭირო მოთხოვნას შეასრულებს, ნატო-ს ბინადარი გახდება

როგორც კი საქართველო ყველა საჭირო მოთხოვნას შეასრულებს, ნატო-ს ბინადარი გახდება

საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტს ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ეხმაურება. 

როგორც ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ვალდებულებას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით.

"საქართველომ რეფორმები უკვე ბევრ სფეროში გაატარა. ახლა პრიორიტეტია, ამ რეფორმების განხორციელების გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ ამ დემოკრატიას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ეს კი პოლიტიკური კოჰაბიტაციის მუშაობას, კანონის უზენაესობასა და წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების უზრუნველყოფას ნიშნავს", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

როგორც ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს დახმარებას რთული რეფორმების განხორციელებაში.

"ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი ის მიზანია, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ისე მყარია, როგორც არასდროს. როგორც კი საქართველო ყველა საჭირო მოთხოვნას შეასრულებს, ის ნატო-ს ბინადარი გახდება", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

თბილისში ვიზიტით მყოფმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად ერთგულია ევროატლანტიკური თანამეგობრობის უსაფრთხოების საკითხში.

"თქვენ იმაზე მეტი სამხედრო გყავთ ISAF-ის მისიაში ავღანეთში, ვიდრე სხვა პარტნიორ ქვეყნებს. თქვენ ასევე უკვე განაცხადეთ მზადყოფნა ჩვენს ახალ მისიაში – ავღანელი სამხედროებისთვის რჩევების მიცემაზე, დახმარებასა და გაწვრთნაში მონაწილეობაში. ეს დიდი წვლილია ჩვენს ძალისხმევაში – ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.