პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელებთან თელ-ავივში, სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა. საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელსაც ქართული დელეგაცია სრული შემადგენლობით დაესწრო, თბილ და მეგობრულ გარემოში წარიმართა.
"მე დიდი ხანია ვცდილობდი ჩემი სიყვარული მეჩვენებინა ყველაზე ნიჭიერი ერისთვის და მე მგონი მოვახერხე. მე ეს ვიგრძენი ოფიციალურ დონეზეც - იქედან, თუ როგორც დამხვდნენ, მაგრამ განსაკუთრებით ვიგრძენი აქ, თქვენთან შეხვედრაზე. ცალმხრივი სიყვარული არ არსებობს, ცალმხრივად შეიძლება მხოლოდ ბრიყვს უყვარდე, ასეთ სიყვარულს კიდევ ფასი არ აქვს, თან ებრაელს ვერ მოატყუებ, ჯობია არ ეცადო. მე ჭეშმარიტად მიყვარხართ და ვიგრძენი, რომ თქვენამდე მოვიტანე ეს მუხტი. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კიდევ უფრო გავაღრმავო მეგობრობა და სიყვარული ამ დიდებულ ერთან", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პრემიერის თქმით, ქართველ ებრაელებს საქართველოში დიდი სიყვარულით ელოდებიან. "მე ხალხი ძალიან მიყვარს, მაგრამ ნიჭიერებით ვარჩევ და უფრო ნიჭიერი მიყვარს. თქვენ მასობრივად ხართ ნიჭიერები და ამიტომ გამოვარჩიე ეს ერი. იცოდეთ, რომ ძალიან გვაკლიხართ საქართველოში, ძალიან მოსაწყენია თქვენს გარეშე ცხოვრება, ყველა კუთხეში გელოდებიან", - აღნიშნა პრემიერმა და იქვე დასძინა, რომ არც ერთ ერს არ შეუყვარებია ისე საქართველო და უსწავლია ქართული კულტურა, როგორც ებრაელებს.