საქართველოს ხელისუფლებამ ირანელი ფიზიკური და იურიდიული პირების დაახლოებით 150 საბანკო ანგარიში გაყინა, რათა დაიცვას თეირანის ბირთვული პროგრამისკენ მიმართული გაეროს სანქციები. ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Wall Street Journal იუწყება.
როგორც ჯეი სოლომონისა და ბენუა ფუკონის სტატიაშია აღნიშნული, ირანელთა საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 20 ივნისს Wall Street Journal-ში გამოქვეყნებული სტატიის საპასუხოდ გააკეთა.
"ქალბატონმა წულუკიანმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა იკვლევს იმ სამხილებს, რომელიც ამერიკული გამოცემის სტატიაში გამოქვეყნდა და აღნიშნა, რომ თბილისი მჭიდროდ თანამშრომლობს გაერო-სა და აშშ-სთან ირანისთვის დაწესებული სანქციების შესრულების კუთხით", - ციტირებს გამოცემა საქართველოს იუსტიციის მინისტრის სიტყვებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, 2011 წლიდან მოყოლებული საქართველომ ირანის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა, რამაც ქვეყანაში შემოსული ირანელი ტურისტებისა და ბიზნესმენების რიცხვი საგრძნობლად გაზარდა.
"თუმცა, როგორც თბილისში გამომავალი სპარსულენოვანი გაზეთის რედაქტორი სარა ღაზი ამბობს, ბოლო რამდენიმე დღეა უკვე იგრძნობა ცვლილებები ირანელებთან მიმართებაში. სომხეთის საზღვრიდან მომავალ ირანელ ვიზიტორებს, უარი უთხრეს საქართველოში შემოსვლაზე, თუ მათ სასტუმროს წინასწარი ჯავშანი არ ექნებოდათ. უარის ასეთი ფორმა აქამდე არ ყოფილა", - აღნიშნავენ ჯეი სოლომონი და ბენუა ფუკონი.
20 ივნისს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, სათაურით "საქართველოში ირანელების ინვესტიცია სანქციების მიუხედავად იზრდება". სტატია ირანელების მხრიდან საქართველოში ბიზნეს საქმიანობისადმი ინტერესის ზრდას ეხება და აღნიშნულია, რომ ეკონომიკურმა სანქციებმა ირანს საზღვარგარეთ ბიზნესის კეთება გაურთულა, მაგრამ ირანელი ბიზნესმენები მიილტვიან საქართველოსკენ, რომელიც უკვე დიდი ხანია, აშშ-ის მოკავშირეა კავკასიის რეგიონში.
სტატიაშია ასევე ნათქვამია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ირანული კომპანიების რაოდენობა 84-დან 1500-მდე გაიზარდა. სტატიის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში, ირანელებმა კერძო ქართული ავიაკომპანიის, ძირითადი სავაჭრო ბანკისა და ლითონის ქარხნის სადავეები აიღეს.
Wall Street Journal-ის სტატიაში ასევე მოყვანილი იყო აშშ-ის ხაზინის ოფიციალური პირის, დევიდ კოენის კომენტარი, რომელიც აცხადებდა, რომ ამერიკა ორიენტირებულია აღკვეთოს ირანის მიერ სანქციების თავიდან აცილების ნებისმიერი მცდელობა, მათ შორის შესაძლო ბიზნესკავშირები საქართველოში.
სტატიასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებულმა შტატების საელჩომ განცხადება გაავრცელა.
"სტატიაში გამოქვეყნებული ზოგიერთი განცხადების საწინააღმდეგოდ, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის შეურყეველ ინტერესს, მჭიდრო ურთიერთობა იქონიოს შეერთებულ შტატებთან. აგრეთვე ვხედავთ ძლიერ სურვილს, რომ საქართველომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია გააგრძელოს. ბოლო წლებში ირანის მიერ საქართველოში სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობების გამო შეერთებული შტატების შეშფოთება გაიზარდა. შეერთებული შტატების წუხილი დღევანდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდე იღებს სათავეს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.