ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების მიზეზს განმარტავს

ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების მიზეზს განმარტავს

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკანონო ფარული ჩანაწერების განადგურების გადადების მიზეზს განმარტავს. როგორც ღარიბაშვილმა გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა, სურთ დიპლომატებს, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ აუხსნან, "რასთან გვქონდა საქმე".

"ეს იყო კომისიის ერთობლივი გადაწყვეტილება. ჩვენ გავაანალიზეთ არსებული ვითარება, ვნახეთ, რომ გამოიკვეთა ახალი გარემოებები, ამას დაემატა ის, რომ მოვისმინეთ ძალიან "საინტერესო" განცხადებები, მათ შორის პრეზიდენტის და კრიტიკოსების მხრიდან - გამოითქვა ვარაუდი, რომ საქმე არ გვაქვს სისტემურ დანაშაულთან, რომ ეს იყო ლოკალური დანაშაული, ჩადენილი რამდენიმე სადისტის მიერ. მაგრამ ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ ეს არის სისტემური დანაშაული და არა ლოკალური გამოვლინება. ჩვენ, პრაქტიკულად, დავასრულეთ იმ არქივის აღრიცხვა, რომელიც ხელთ გვაქვს. დავახარისხეთ. იქაა სხვადასხვა კატეგორიის მასალა, იქნება ეს პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, საზოგადოებისთვის ცნობილი თუ უცნობი პირების ამსახველი ვიდეომასალა. ანალიზი გავაკეთეთ და გვინდა ეს ანალიზი წარვუდგინოთ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობოებს და მედიის წარმომადგენლებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომლის განმარტებითაც, შსს-ში ახალ ხელმძღვანელობას ამ მასშტაბის არქივი არ დახვედრია და ვიდეომასალები ეტაპობრივად თავად მოიძიეს და მოიპოვეს.

რაც შეეხება იმას, იგეგმება თუ არა დიპლომატებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების ჩვენება, ღარიბაშვილმა აღნიშნული კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ ისინი დაგეგმილ შეხვედრებზე უბრალოდ ახსნიან, რასთან გვქონდა საქმე. "არ ვაპირებთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ჩვენებას. ეს დაუშვებლად მიგვაჩნია, ამ ვიდეოებს არავის ვაჩვენებთ", - აღნიშნა შს მინისტრმა.