მ.წ. 16 ივნისს Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში Nations in Transit 2013, რომელიც იკვლევს ევროპისა და ევრაზიის ყოფილი კომუნისტური ბანაკის ქვეყნებში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიის თვალსზრისით არსებულ მდგომარეობას. ანგარიში ფარავს 2012 წლის 2 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
ანგარიშში საქართველოს შესახებ ნაწილში აღინიშნა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები. კერძოდ, რვა კატეგორიიდან ორ კატეგორიაში - საარჩევნო პროცესი და ეროვნული დემოკრატიული მმართველობა - პროგრესი დაფიქსირდა, რაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემამ და უფრო პლურალისტური პარლამენტის ჩამოყალიბებამ, ასევე არჩევნების უფრო კონკურენტულ გარემოში ჩატარებამ და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებულმა ადმინისტრირებამ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაკომპლექტებულ მთავრობას თითქმის მთელი წლის განმავლობაში მიჰქონდა იერიში ძირითადი მეტოქის, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ოქტომბრის არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებამ დასაბამი მისცა ძალაუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემას და პლურალისტულ პარლამენტს, სადაც ორი ძირითადი ფრაქციაა წარმოდგენილი. 2012 წლის ბოლოს „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, ხელისუფლებამ დააპატიმრა ან დაკითვაზე დაიბარა უამრავი ყოფილი ჩინოვნიკი, რამაც გამოიწვია შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი მთავრობა პოლიტიკური შურისძიების გზას დაადგა; თუმცა, წლის ბოლოსთვის, დაუსაბუთებელი დარჩა ბრალდებები სამართალწარმოების პროცესში არსებული დარღვევების შესახებ. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის და უფრო პლურალისატული პარლამენტის შექმნის თვალსაზრისით, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული მმართველობის რეიტინგი გაუმჯობესდა“ - ნათქვამია ანგარიშში.
„საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში ჩატარებული პირველი არჩევნები დამკვირვებლების მხრიდან შეფასდა, როგორც უმეტესწილად სამართლიანი და კონკურენტული, რომელიც ოპოზიციის ისტორიული გამარჯვებით დამთავრდა. საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონდმებლობაში შეტანილი ცვლილებების შედეგად, „ქართულ ოცნებას“ არაპროპორციული ჯარიმები დაეკისრა. თუმცა, კამპანიის მიმდინარეობისას, მთლიანობაში დაცულ იქნა გაერთიანებების, შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება“-ნათქვამია ანგარიშში.
აქვე აღსანიშნავია, რომ დანარჩენ კატეგორიებში - სამოქალაქო საზოგადოება, დამოუკიდებელი მედია, ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, კორუფცია - საქართველოს შეფასება უცვლელი რჩება.
მნიშვნელოვანია, რომ ანგარიშში დემოკრატიის საერთო შეფასების სახით საქართველოსათვის მინიჭებული ქულაა 4.75, რაც გასული 5 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგს წარმოადგენს.