მელიქიშვილის გამზირზე 2007 წლის 20 მაისს მოკლული აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი რუსუდან შარაძე საქართველოს ხელისუფლების გარკვეულ წევრებს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს და სთხოვს გულდასმით შეისწავლონ სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებში არსებული ვიდეომასალა, რომელშიც დასაშვებია გურამ შარაძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული მასალაც იყოს.
მიმართვის ტექსტი რუსუდან შარაძემ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა, რასაც for.ge უცვლელად გთავაზობთ:
“საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
საქართველოს მთავარ პროკურორს, ბატონ არჩილ კბილაშვილს
უმორჩილესად გთხოვთ, სანამ გადაწყდება სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეოფირების განადგურების საკითხი, იქამდე გულდასმით იქნას ისინი შესწავლილი, რადგან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ ამ ფირებიდან ბევრი გამოდგება მტკიცებულებად მამაჩემის - გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში.
აგრეთვე, არ გამოვრიცხავ, რომ ამ და სხვა ვიდეომასალებში, რაც მომავალში, კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს, იყოს ე.წ. ,,ალდაგის'' ფირის ორიგინალიც, რომელზედაც 2007 წლის 20 მაისს მომხდარი მამაჩემის მკვლელობაა აღბეჭდილი. როგორც საინფორმაციო საშუალებებით შევიტყვე, სწორედ 2007 წელსაა გადაღებული აღმოჩენილი ვიდეოების ნაწილი. ღრმა პატივისცემით რუსუდან შარაძე 20 ივნისი, 2013“