20 ივნისს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილმა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა; მან საქართველოს პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობაზე ისაუბრა და საარჩევნო რეფორმის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება. როგორც ზურაბ ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ”რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებების პროექტი, რომელიც მხოლოდ ფინანსურ და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან, ტექნიკურ საკითხებს ეხება, ხოლო რეფორმის ძირითადი არსი და კონსტრუქცია კვლავაც განუსაზღვრელია...”
ცესკოს თავმჯდომარის პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
”საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების პროცესი და ყურადღებით ადევნებს თვალს საპარლამენტო ინტერფრაქციული ჯგუფის მუშაობას.
ინტერფრაქციულ ჯგუფს ადმინისტრაციამ მუშაობის დაწყებისთანავე შესთავაზა მოსაზრებები კანონმდებლობის დახვეწის პროცესის ორგანიზებისა და მეთოდოლოგიის შესახებ
გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯგუფის სამუშაო პროცესი წავიდა სხვა მიმართულებით. რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ პარლამენტში უკვე ინიცირებულია ცვლილებების პროექტი, რომელიც მხოლოდ ფინანსურ და სხვა ნაკლებად მნიშვნელოვან, ტექნიკურ საკითხებს ეხება, ხოლო რეფორმის ძირითადი არსი და კონსტრუქცია კვლავაც განუსაზღვრელია. რჩება შთაბეჭდილება, რომ პროცესი ემსახურება გამოგონილი პოლიტიკური ქიმერების დევნას და მიმდინარეობს პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრის გარეშე. საარჩევნო ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანი დროა დაკარგული, რის შედეგეად სერიოზული ცვლილებების მიღება საარჩევნო კანონმდებლობაში და მათი იმპლემენტაცია 2014 წლის გაზაფხულის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე უკვე ვეღარ მოესწრება.
ასევე უაღრესად საინტერესოა ის ფაქტი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ იგეგმება ამომრჩეველთა სიის გადამოწმება 2010 და 2012 წლების მსგავსად.
თუ ამომრჩეველთა სიები ნაკლოვანია, რატომ არ ხდება მათი გადამოწმება და ხარვეზების თუნდაც ნაწილობრივი გამოსწორება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, ხოლო თუ ამომრჩეველთა სიები სერიოზულ ხარვეზებს არ შეიცავს - გამოდის, რომ ფართოდ ტირაჟირებული გამონათქვამები ათასობით ყალბი პირადობის მოწმობებისა და სიებში მილიონი ზედმეტი ამომრჩევლის შესახებ მხოლოდ პოლიტიკური მითი იყო და მისი ავტორების მიზანს საზოგადოების დეზინფორმირება და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაცია წარმოადგენდა.
საარჩევნო ადმინისტრაცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ფაქტის შესახებ საარჩევნო სიების ფორმირებაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების (მაგ. იუსტიციის მინისტრის) პოზიციის საჯაროდ დაფიქსირებას”.