თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება

თბილისში გუშინ განვითარებულ მოვლენებს უცხოური მედია ეხმაურება

17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისში განვითარებული მოვლენები უცხოური მედიის მთავარი თემაა. მსოფლიოს თითქმის ყველა გავლენიანი გამოცემა ეხმაურება რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის დაშლას.

"საქართველოში ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე დრამატულად დასრულდა. აქციის მონაწილეები მღვდლებმა და ჰომოსექსუალთა წინააღმდეგ მებრძოლმა დემონსტრანტებმა დაარბიეს. რელიგიურ და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი დემონსტრანტები თბილისის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ეროვნულ სლოგანებს სკანდირებდნენ", - წერს "ევრონიუსი", რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ პოლიციამ შეძლო ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველთა მშვიდობიანად გაყვანა.

"ასეთი აქციები ჩვენთვის მიუღებელია. მათ გარკვეული ძალები აფინანსებენ და ჩვენი მოთმინების გამოცდა უნდათ, რადგან ჰგონიათ, რომ შეცდომას დაგვაშვებინებენ. მერე კი თავიანთ გეგმებს განახორციელებენ", - ციტირებს "ევრონიუსი" არქიმანდრიტ იოანეს კომენტარს.


"ეს არ იყო მემარჯვენე ექსტრემისტთა ბრბო. ესენი ჩვეულებრივი ქართველები იყვნენ: ზოგიერთი ერთობ პატივსაცემი მოხუცი ქალბატონი იყო, ასაკიანი მამაკაცები და კარგად ჩაცმული ახალგაზრდები. მათ ლიდერობას ეკლესიის მღვლები უწევდნენ. გაშმაგებულმა ბრბომ ადვილად გაარღვია პოლიციის კორდონი და ქვები დაუშინეს იმ ავტობუსს, რომელშიც პოლიციამ ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველები მოათავსა", - წერს "ბიბისის" კორესპონდენტი დემიენ მაკგინესი, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაცია გასულ წელსაც დაარბიეს.

"საქართველოს ძალიან სურს ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა არსებობს საშიშროება, რომ მისი ევროკავშირისკენ სწრაფვა ვერ განხორციელდეს, თუ საქართველოს ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს სექსუალური უმცირესობების უფლებას – უსაფრთხოდ გამართონ დემონსტრაცია," - წერს "ბიბისი".
"დემონსტრაციამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს "იგივე უფლებებები აქვთ, რაც სოციალური ფენების სხვა წარმომადგენლებს" და რომ საზოგადოება ამას "თანდათანობით მიეჩვევა". თუმცა, თუ თბილისში 17 მაისს განვითარებული მოვლენებით ვიმსჯელებთ, ქართულ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასასვლელი", - წერს Foreign Policy.

"არა მენტალურ გენოციდს", "არა ჰომოსექსუალებს" – ასეთი სლოგანებით დაუპირისპირდნენ ძირითადად ახალგაზრდებით შემდგარი ბრბო ჰომოსექსუალთა უფლებების დამცველებს, რომელთა 50-კაციან ჯგუფს ჰომოფობიის წინააღმდეგ დემონსტრაციის გამართვის სურვილი ჰქონდათ. თუმცა, ათასობით ადამიანმა მათ ქვები და კვერცხები დაუშინა. მიუხედავად დაპირებებისა, პოლიციამ ვერ შეძლო "იდენტობის" წარმომადგენელთა აქციის გამართვის უზრუნველყოფა. მომხდარი მოგვიანებით დაგმო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა," - წერს "ნიუ იორკ თაიმსი".
"Amnesty International"-ი საქართველოს ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ასეთი ქმედებების დაუსჯელობა "საქართველოსთვის სახიფათო ტენდენცია იქნება", - წერს "როიტერი", რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში მომხდარი ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის დარბევის შედეგად 28 ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები და ჟურნალისტები.

17 მაისს რუსთაველის გამზირზე მომხდარ ფაქტს ეხმაურება ფინეთის სამაუწყებლო ტელევიზია YLE, რომელიც აღნიშნავს, რომ ქართულმა ორთოდოქსულმა ეკლესიამ არ დაუშვა ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის გამართვა და ძალადობრივად დაშალა დემონსტრანტები.

"ქართული ეკლესია აცხადებს, რომ ქართველთა 99% ნორმალური სექსუალური ორიენტაციისა და ჰომოსექსუალთა პროპაგანდას მხოლოდ მოსახლეობის 1% ეწევა", - აღნიშნავს ფინელი კორეპოსნდენტი ლიისა ლეჰმუსი. იგი ასევე აცხადებს, რომ კონსერვატიული ქართული საზოგადოება "ევროვიზიის" ფინელი კონკურსანტის კრისტე სიეფრიდის ნახევარფინალურმა გამოსვლამაც აღაშფოფა.

ფინელმა კონკურსანტმა სიმღერის "იქორწინე ჩემზე" დასრულების შემდეგ მოცეკვავე გოგონას აკოცა, რითაც მთელი ევროპის მხარდაჭერა გამოხატა ერთსქესიანი ქორწინებისადმი.
"საქართველო ერთ-ერთია იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, რომელიც კანონით კრძალავს ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციას. თუმცა, ტრადიციულ ორთოდოქსულ ქვეყანაში ჰომოსექსუალობა ნორმიდან გადახრად ითვლება. შედეგად ჰომოსექსუალი ადამიანები ხშირად ხდებიან ძალადობისა და შეურაცხყოფის სამიზნე", - აღნიშნავს ბრიტანული Daily Mail.