"თიბისი ბანკის" საგამოფენო დარბაზში ხვალ სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ისტორიის და თანამედროვეობის ამსახველი საიუბილეო კრებულის პრეზენტაცია გაიმართება.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სტუ-დან აცნობეს, კრებულის ავტორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გოჩა მიქიაშვილი. მისი თქმით, გამოცემა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და არქიტეტურული სკოლის დაარსების 90 წლის იუბილეს ეძღვნება.
"ახალი არქიტექტურის, როგორც კულტურის განუყოფელი ფენომენის, მხატვრული სისტემის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი, ცალკეულ თვითმყობად პერსონებთან ერთად, არქიტექტურულმა სკოლებმა შეიტანეს, რომლებიც, ხშირ შემთხვევებში, ფორმათწარმოქმნის ნოვატორული, კონცეპტუალური იდეების გენერაციის კერები გახდნენ. ამ მხრივ, არც ჩვენი არქიტექტურული სკოლა ყოფილა გამონაკლისი. ამის დასტურია ის წარმატებები, რომელიც წლების მანძილზე ჩვენი სტუდენტების გამორჩეულ ნამუშევრებს ხვდა წილად ადგილობრივ თუ საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და მის შემადგენლობაში არსებული არქიტეტურული სკოლის დაარსების 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გადავწყვიტეთ, გამოცემაში აგვესახა ჩვენი არქიტექტურული სკოლის მიერ განვლილი, უაღრესად საინტერესო და გამორჩეული ისტორია, წარმოგვეჩინა ის წინაპირობები, რომელთა საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი ჩვენი ქვეყნის ურბანისტული და არქიტექტურული აზრის კონცენტრაციის და სამეცნიერო პოტენციალის ფოკუსირების მნიშვნელოვანი კერა გახდა", - აცხადებს გოჩა მიქიაშვილი.
მისივე განმარტებით, კრებულში მოკლედ ასახულია ფაკულტეტის და მის შემადგენლობაში არსებული თითოეული სტრუქტურული ერთეულის მიერ განვლილი ისტორია და თავისებურებები, რაც ფაკულტეტს სხვა არქიტექტურული სკოლებისაგან გამოარჩევს.
"მასში შეტანილია მრავალი, დღეს უკვე ისტორიული მნიშვნელობის ფოტო. თუმცა კრებული არ შემოიფარგლება მხოლოდ ისტორიის ასახვით. მასში განხილულია ის მეთოდიკა, რომელსაც ეფუძნება ფაკულტეტზე მიმდინარე აკადემიური პროცესი, რაც გულისხმობს მარტივიდან რთულისაკენ, ინტუიციურიდან ცნობიერისაკენ, აბსტრაქციიდან რეალობისაკენ, თამაშიდან – ჰარმონიის კანონების შემეცნებისაკენ სვლას, რაც საბოლოოდ მაღალი დონის პროფესიონალთა ჩამოყალიბებით გვირგვინდება. აქვე მოცემულია ის ალტერნატიული, უაღრესად საინტერესო მიდგომა, რომელსაც არქიტექტურული პოეტიკა უდევს საფუძვლად, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ არქიტექტურა ხელოვნებაა და იგი მეთოდურ ყალიბებს ვერ ეგუება. ეს კი ის სამეფოა, სადაც არ ისჯებიან დოგმატებისა და კანონის დარღვევისათვის, რადგან მშვენიერებას ამკვიდრებენ. მშვენიერების წყარო კი ემპირიული სინამდვილის მიღმაა, მოკლებულია სარგებლიანობას და უანგარო სიამოვნებას იწვევს; კრებულში თავმოყრილია ფაკულტეტის სტუდენტთა მიერ ბოლო პერიოდში სწავლების სხვადასხვა წელს შესრულებული გრაფიკული, ფერწერული, სკულპტურული, ფოტოგრაფიული და არქიტექტურული ნამუშევრები, რასაც ციფრული ტექნოლოგიების დანერგვამ დიდად შეუწყო ხელი. ეს ნამუშევრები ცხადყოფს, რომ ქართული ნიჭიერების გენი კვლავ მძლავრად გადმოედინება თაობიდან თაობაში", - აღნიშნა გოჩა მიქიაშვილმა.