2013 წლის 24 აპრილს საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ for.ge -ზე გამოქვეყნდა ინტერვიუ ყოფილ მსჯავრდებულ იმედა ბუთხუზთან. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება აღნიშნულ ინტერვიუს და განმარტავს:
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები იმედა ბუთხუზს, ვაჟა გეგენავასა და რუდიკ ოვაკიმიანის ინტერესებს ნამდვილად იცავდნენ 2006 წლის ოქტომბრის თვიდან 2011 წლამდე. მათთვის საადვოკატო დახმარების აღმოჩენის თხოვნით მოგვმართა საქართველოს სახალხო დამცველმა. შესაბამისად, ჩვენი ადვოკატების პირველი ვიზიტი ვაჟა გეგნავასა და რუდიკ ოვაკიმიანთან სად-ის #6 დაწესებულებაში განხორციელდა, სწორედ სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან ერთად. იმედა ბუთხუზი ვიზიტის დროს დაწესებულებაში არ იმყოფებოდა, რადგან იგი გადაყვანილი იყო სად-ის #17 (ყოფილი #1) დაწესებულებაში, ჩვენი ადვოკატები მას აღნიშნულ დაწესებულებაში შეხვდნენ კვლავ სახალხო დამცველის წარმომადგენლების თანდასწრებით.
იმედა ბუთხუზი, ვაჟა გეგენავა და რუდიკ ოვაკიმიანი დაკითხულები იყვნენ მოწმის სახით, გამოძიება მიმდინარეობდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. ჩვენმა ადვოკატებმა არაერთი შუამდგომლობა დააყენეს, რითაც ითხოვდნენ აღნიშნული პირების დაზარალებულებად ცნობას, საჩივრით მიმართეს პროკურატურას გამოძიების გაჭიანურების თაობაზე, ეხმარებოდნენ ევროსასამართლოსთვის მიმართვაში. შესაბამისად, საიას ადვოკატები არაერთხელ შეხვდნენ იმედა ბუთხუზს (2009, 2010 წლებში). თუმცა კატეგორიულად უარვყოფთ ჩვენი შეხვედრების დროს ბაჩანა ახალაიას მონაწილეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. არცერთი შეხვედრის დროს, საიას ადვოკატებთან ერთად, იმედა ბუთხუზს არ შეხვედრია ბაჩანა ახალაია. არცერთ დაკითხვას არათუ ბაჩანა ახალაია, არამედ ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლი არ ესწრებოდა. მით უფრო, არ ჰქონია ადგილი მუქარას, ზეწოლას ჩვენი ორგანიზაციის ადვოკატების თანდასწრებით.
შესაბამისად საია უარყოფს for.ge -ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში იმედა ბუთხუზის მიერ მითითებულ ფაქტს და განმარტავს, რომ საია ყოველთვის მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ახორციელებს საკუთარი ბენეფიციარების ინტერესების დაცვას.