ნაძალადევის რაიონში “ნაცმოძრაობა“ შუალედურ არჩევნებში ძველებური მეთოდებით ფაფხურობს, ხოლო საარჩევნო უბნებზე “ქართული ოცნების“ აქტივისტები პირადი საუბრისას აცხადებენ, რომ მხარს სოსო მანჯავიძის კანდიდატურას უჭერენ. პირადად მე, 15 საათამდე სამი ასეთი აქტივისტი ვნახე და ვესაუბრე.
ასკურავას ქუჩაზე ჩემი თვალით ვნახე 13-ე უბანზე “ნაცმოძრაობის“ კანდიდატის პაპუნა დავითაიას წარმომადგენელი გიორგი პატარიძე, რომელიც ამავე უბნის კოორდინატორთან, ქალბატონ გუგუშვილთან ერთად ურეკავდა და მოსვლას სთხოვდა ამავე უბნის ამომრჩევლებს. მათ ხელში ეჭირათ სია, რომელზეც ზოგი გადახაზული იყო, ზოგს კითხვის ნიშანი ჰქონდა დასმული.
49-ე უბნის შესასვლელთან სპეციალური სიით ხელში იდგნენ “ნაცმოძრაობის“ აქტივისტი ქალბატონები. ჩემი თვალით არ მინახავს, მაგრამ ამავე უბნის მოსახლეობის არაერთმა წარმომადგენელმა მითხრა, რომ “ნაცმოძრაობა“ თითო ხმაში 5-10 ლარს იხდის.
ნაძალადევის რაიონის სამ უბანზე პირადად მე ვნახე “ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებმაც განმიცხადეს, რომ მხარს სოსო მანჯავიძეს უჭერენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხათრით დგანან უბნებთან, როგორც თამარ კორძაიას წარმომადგენლები.
ახლა იმ ინფორმაციას მოგაწვდით, რომელიც სოსო მანჯავიძის შტაბში მივიღე:
ამომრჩევლის საერთო რაოდენობა არის 140 888 და 15 საათისთვის 15 255 ამომრჩეველია მისული.
24-ე უბანზე კომიიის თავმჯდომარემ კენჭისყრა ჩაატარა, თუ ვინ უნდა დაეწერა საჩივარი დამკვირვებლებს შორის. ამ კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ სოსო მანჯავიძის წარმომადგენელ საჩივრის დაწერის უფლება არ ექნება.
თემქის პირველ კვარტალში მოსახლეობასთან ზვიად ჩიტიშვილი და თამარ კორძაია აგიტაციას ეწეოდნენ.
არასამთავრობო ორგანიზაცია “საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი“-ს ეგიდით საარჩევნო უბნებზე მერიისა და გამგეობის თანამშრომლები, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდნენ, რაც არის დარღვევა.
85-ე და 86-ე უბნებზე უბეჭდო ბიულეტენებს არიგებდნენ, რაც ასევე დარღვევაა. ამის შესახებ სოსო მანჯავიძის წარმომადგენლებმა ლალი ბაბლუანმა და ნანა მინასიანმა ოქმები დაწერეს.
სოსო მანჯავიძის შტაბში არსებული ინფორმაციით, ყველაზე ბევრი დარღვევა 49-ე უბანზე დაფიქსირდა:
41-ნომრიანი მაისურიანი მოქალაქე უბანზე შევიდა, რაც დარღვევაა. ამავე უბანზე ქალბატონი “ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ აგიტაციას ეწეოდა. ამავე უბნიდან გადასატანი ყუთით 15-ის ნაცვლად 25 ანკეტა გაიტანეს და ამ დარღვევის შესახებ მანჯავიძის წარმომადგენელს საჩივრის დაწერის საშუალება არ მისცეს, ხოლო უბნის გარეთ “ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები იდგნენ და მანჯავიძის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც დარღვევებზე მიუთითებდნენ, ხელით ეხებოდნენ.
“56-ე უბანზე მოქალაქეს ხმის მიცემა ყალბი პასპორტით უნდოდა, მაგრამ ჩვენმა წარმომადგენელმა ამის საშუალება არ მისცა“, - განმარტავენ სოსო მანჯავიძის შტაბში.
ესაა for.ge-ს მიერ 15 საათისთვის მოპოვებული ინფორმაცია. როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ მოგვიანებით გაცნობებთ.