The National Interest - ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე

The National Interest - ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე

საქართველოს სახიფათო სვლა ნატო-სკენ, - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The National Interest დუგლას ბენდოუს სტატიას. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, საქართველოში ხელისუფლება არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ შეიცვალა. მიუხედავად დასავლეთის რჩეულის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიძულვილისა, პრემიერ-მინისტრი კვლავაც აგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ნატო-ს უსაფრთხოების გარანტიების მოპოვების ძიებას, მსგავსად სააკაშვილისა.

"საქართველომ ხმაურიანი დაბადება გადაიტანა ორი ათეული წლის წინ, საბჭოთა კავშირის დაშლის დროს. 2003 წელს, "ვარდების რევოლუციის" შედეგად სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობა დაამხო. დასავლეთში განათლებამიღებული სააკაშვილი აშშ-ისა და ევროპას დახმარების თვალით შესცქეროდა, თუმცა მარტო აღმოჩნდა 2008 წელს, როცა რუსეთთან ომი დაიწყო და წააგო", - წერს დუგლას ბენდოუ.

"ჯერ კიდევ კონფლიქტამდე, თბილისი აშშ-ისა და ნატო-ს გულის მოგებას ცდილობდა. დამოუკიდებლობიდან რამდენიმე ხანში, საქართველოს ჯარები ჩაერთვნენ კოსოვოში ნატო-ს მისიაში, საქართველო შეუერთდა ჩრდილო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს (მოგვიანებით, ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭო) და სამშვიდობო პროგრამას. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო",-აღნიშნავს სტატიის ავტორი და მოჰყავს ციტატა ნატო-ს ერთ-ერთი მოხსენებიდან - "ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაღრმავდა, 1990-იან წლებში დაწყებული პირველი თანამშრომლობის შემდეგ".

როგორც სტატიაშია აღნიშნული, სააკაშვილის მთავრობამ ნატო-სთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულება დაიწყო და ავღანეთში ISAF-ის მისიას შეუერთდა. მეტიც, სააკაშვილმა გააძლიერა პერსონალური ურთიერთობა ამერიკასთან, ლობისტად აიყვანა სენატორი ჯონ მაკკეინი და ჯარები გააგზავნა საბრძოლველად ერაყში. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თბილისის მისამართით დიდებასა და ფულს არ იშურებდა და სახელმწიფო ვიზიტითაც სტუმრობდა.

ბუშის ადმინისტრაცია ძლიერ მხარდაჭერას უცხადებდა საქართველოს გაწევრიანებას ნატო-ში. თუმცა, - წერს დუგლან ბენდოუ, - ალიანსის წამყვანი ევროპელი ლიდერები ნაკლებად იყვნენ განწყობილნი, წინ აღდგომოდნენ ბირთვული იარაღით შეიარაღებულ რუსეთს სასაზღვრო დავისთვის, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელისთვის, თუმცა უმნიშვნელო – ევროპისთვის. 2008 წლის კონფლიქტმა გაამართლა მათი პოზიცია. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაცია აგრძელებდა ზეწოლას საქართველოს ნატო-ში მიღებაზე. ასევე ობამას ადმინისტრაციაც, თუმცა ნაკლები ენთუზიაზმით.

"საქართველო, ბოსნია-ჰერცოგოვინასთან, მაკედონია და მონტენეგროსთან ერთად, ნატო-ში გაწევრიანების პირველი პრეტენდენტია. მიუხედავად, ნატო-ს წარმომადგენლების განცხადებისა, რომ ალიანსში საქართველოში გაწევრიანების მოწინააღმდეგენი უკან იხევენ, ნატო-ს ზოგიერთი წევრი მაინც ნეგატიურად განწყობილი რჩება, მათ შორის გერმანია. თუმცა, ნატო და საქართველო ისე აგრძელებენ მოქმედებას, თითქოს პასუხი "დიახ" გარდაუვალია", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

"საქართველო ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორია", - ციტირებს სტატიის ავტორი ნატო-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის სიტყვებს.

საქართველოს ახალმა მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატო-ში გაწევრიანების სურვილი, გააორმაგა რა ქართული ჯარების რაოდენობა ავღანეთში, ცოტა ხნის წინ კი მალიში, ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში საკუთარი ჯარების ჩართვის სურვილი გამოთქვა.

თბილისის სურვილი – იყოს დაცული ძლევამოსილი ქვეყნებისგან, გასაგებია. თუმცა, ეს ის მიზეზი არ არის, რაც აშშ-ის ვალდებულებას გაზრდის. ალიანსის მიზანი აშშ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ცივი ომის დროს, ვაშინგტონი ნატო-ს ევრაზიაზე საბჭოეთის დომინირების აღკვეთისგან დასაცავად იყენებდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-მა გაზარდა სამხედრო გარანტიები, როგორც საკუთარი უსაფრთხოების წინასწარი საშუალება.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, ამ სტანდარტების მიხედვით, ალიანსი ცივი ომის მოახლოებისას ოდნავ გახლეჩილი იყო. სკლეროტიკი საბჭოთა კავშირი და მისი არასანდო ვარშავის ხელშეკრულების მოკავშირეები, ნაკლებ სავარაუდო აგრესორებს ჰგავდნენ. დასავლეთ ევროპელებს კი საკუთარი უსაფრთხოებისთვის მეტის გაკეთება შეეძლოთ. მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლამ თავიდან მოიშორა ორივე კონკურენტი და შემოჭრის საფრთხე. ნატო-ს არსებობის აზრი ფაქტობრივად ერთ ღამეში გაქრა.

სტატიის თანახმად, არც ერთი წევრი სახელმწიფო არ დაუშვებს ნატო-ს ვარშავის ხელშეკრულების გზით წასვლას. ნაცვლად ამისა, ალიანსმა გადაწყვიტა რუსეთის საზღვრებამდე გაფართოება არა მხოლოდ ვარშავის ხელშეკრულების ყოფილი წევრების შთანთქმით, არამედ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებით.

"ვაშინგტონმა დაასრულა გარანტიების მიცემა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვის დაქვემდებარებაში იყო ცივი ომის დროს და მანამდეც", - აღნიშნავს დუგლას ბენდოუ და განაგრძობს - ხშირ შემთხვევაში ომის რისკი უმნიშვნელო იყო. რუსეთი მძიმე, უსიამოვნო შემსრულებელია, მაგრამ ის არ დაიწყებს ომს ყოფილ სახელმწიფოებთან. მოსკოვს ამისთვის არც ნება ეყოფა და არც შესაძლებლობა ისევე, როგორც რაიმე მიზეზი. საქართველო გამონაკლისია. თბილისმა საკუთარ გზას გადაუხვია, რუსეთის ინტერესების ისტორიულ რეგიონში დასავლეთის ავანპოსტი რომ გამხდარიყო. საქართველომ იმ სფეროში ჩაითრია ამერიკა, სადაც ვაშინგტონი არასდროს ჩაერთვებოდა. მოსკოვის უკმაყოფილება პროგნოზირებადიც იყო და ექსტრემალურიც. გარდა ამისა, სააკაშვილის ქმედება უგუნურობა იყო, ნატო-ს ფორმალური გარანტიების უქონლობის შემთხვევაშიც. მოსკოვს შესაძლოა, ჰქონდა კონფლიქტის დაწყების სურვილი და მზადაც იყო უპირატესობის მოსაპოვებლად, თუმცა სროლა თბილისმა დაიწყო, ასეთი მთავრობა კი საიმედო მოკავშირე ვერ იქნება.

"ნატო-მ აშშ-ის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს. საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით ომს უფრო სავარაუდოს გახდიდა. თბილისსა და აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის შეტაკებას შესაძლოა, რუსეთის ჩართვა მოჰყვეს, რაც თავის მხრივ, ნატო-სა და რუსეთის დაპირისპირების წინაპირობა შეიძლება გახდეს. შედეგი კი, შესაძლოა ომი იყოს, რისთვისაც თავის არიდება დასავლეთმა ცივი ომის დროს შეძლო. ნატო-ს, რომელშიც დომინანტი აშშ-ია, შენარჩუნების ცხადი მიზეზი არ არსებობს. ევროპელებს ამერიკელებზე მაღალი მშპ და მეტი მოსახლეობა ჰყავთ, რუსებზე კი სამჯერ მეტი მოსახლეობა და ათჯერ მაღალი მშპ აქვთ. ევროპელებმა თავიანთ უსაფრთხოებას თვითონ უნდა მიხედოს. თუ ალიანსს რაიმე ღირებულება აქვს, ეს ომისთვის ხელის შეშლაა. საქართველოს ალიანსში გაწევრიანება კონფლიქტს კიდევ უფრო შესაძლებელს გახდის. ამიტომ ვაშინგტონმა მკაცრად და საბოლოოდ უნდა თქვას არა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებაზე", - წერს სტატიის ავტორი.