"სააკაშვილის პარტია რელევანტურობას ეძებს თავისივე შექმნილ ქვეყანაში", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The Christian Science Monitor პოლ რიმპლის სტატიას მიხეილ სააკაშვილსა და "ნაციონალურ მოძრაობაზე". როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "ვარდების რევოლუციის" წამოწყებისა და საქართველოს ხელახლა ფორმირებიდან თითქმის ათწლეულის შემდეგ, პარტია კიდევ ერთხელ ქუჩიდან ეძებს ხელისუფლებაში მოსვლის გზებს. 10 წლის შემდეგ მიხეილ სააკშვილი და მისი "ნაციონალური მოძრაობა" ისევ იქ აღმოჩნდნენ, საიდანაც დაიწყეს - ოპოზიციაში.
გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია "ქართულ ოცნებასთან" გადამწყვეტი მარცხის შემდეგ პირველად,"ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიმე დღის წინ თბილისში დემონსტრაცია გამართა, - აღნიშნავს პოლ რიმპლი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, მაშინ, როცა აქციაზე მისი მხარდამჭერი 10 ათასი ადამიანი მივიდა, "ნაციონალური მოძრაობა" მთელი ძალით ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ კვლავაც ანგარიშგასაწევი ძალაა და იმ სკანდალების წინაღობა, რომელიც მისსავე შექმნილ ახალ საქართველოში მის რელევანტურობას ემუქრება.
"ნაციონალური მოძრაობა" ყურადღების ცენტრში 2003 წელს მოექცა, - წერს პოლ რიმპლი, - როცა ათასობით ადამიანი გამოიყვანა გაყალბებული საპარლამენტო არჩევნების გასაპროტესტებლად, მერე კი მშვიდობიანად დაამხო ედუარდ შევარდნაძის მთავრობა, რასაც "ვარდების რევოლუცია" ეწოდა. 2004 წლის იანვარში ქარიზმატული სააკაშვილი ხმების 94%-ით პრეზიდენტი გახდა.
"სააკაშვილის ახალგაზრდა, რევოლუციურმა გუნდმა ანტიკორუფციული რეფორმებით სწრაფად დაიწყო იმის აღდგენა, რასაც საქართველოში აშშ-ის მაშინდელმა ელჩმა რიჩარდ მაილსმა "არშემდგარი ხელისუფლება" უწოდა. ამ რეფორმებმა კი აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს, 2005 წელს თბილისში ვიზიტისას, უბიძგა განეცხადებინა, რომ საქართველო "დემოკრატიის შუქურაა". 2006 და 2008 წლებში მსოფლიო ბანკმა საქართველო მსოფლიოს მთავარ რეფორმატორად დაასახელა", - ნათქვანმია ამერიკული გამოცემის სტატიაში. თუმცა, გატარებული რეფორმებისთვის უცხოეთის მხრიდან მაღალი შეფასების მიუხედავად, სააკაშვილი ერთობ არაპოპულარული გახდა საქართველოში, სადაც 2004 წლიდან უმუშევრობა 13-დან 17%-მდე მერყეობს.
"მან გააძლიერა სახელმწიფო სწრაფი რეფორმებით, თუმცა საქართველოში ყველა რეფორმატორი ენთუზიაზმით იწყებს, რაც ცოტა ხანს გრძელდება, რამდენიმე წლის შემდეგ კი იმედგაცრუებას ვაწყდებით", - ციტირებს სტატიის ავტორი პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის თანადირექტორის გიორგი თარხან-მოურავის კომენტარს.
სანამ ხელისუფლებამ ეფექტიანი ეკონომიკური პროგრესი გაატარა, ქართველები ხედავდნენ, რომ გადაჭარბებული ძალაუფლება რამდენიმე ადამიანის ხელში იყო და იმასაც გრძნობდნენ, რომ ადგილი ჰქონდა შერჩევით სამართალს. გარდამტეხი მომენტი 2007 წლის ნოემბერში დადგა, როცა სპეცდანიშნულების რაზმმა ოპოზიციის პროტესტი ძალადობრივი გზით დაშალა, - წერს პოლ რიმპლი.
სტატიის ავტორი ასევე ციტირებს გია ნოდიას სიტყვებს, რომელმაც მასთან საუბარში განაცხადა, რომ სააკაშვილის ხელისუფლება დემოკრატიული იდეალისგან შორს იყო, თუმცა ნოდია ირწმუნება, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესი უნდა შეფასდეს იმით, თუ სად იმყოფებოდა ქვეყანა რამდენიმე წლის წინ და არა - აბსოლუტური ღირებულებებით.
როგორც გია ნოდია პოლ რიმპლთან საუბარში აცხადებს, სააკაშვილმა შექმნა საზოგადოებრივი მოლოდინების პრეცედენტი, რითიც ყოველი მომდევნო მთავრობა შეფასდება. მისივე თქმით, პროგრესის განმსაზღვრელი მაჩვენებელი "ვარდების რევოლუციასა" და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს შორის სხვაობაა. პირველის შემთხვევაში, ხელისუფლება რევოლუციის გზით შეიცვალა, მეორეს შემთხვევაში კი - კონსტიტუციის.
"დემოკრატიისთვის საუკეთესო ტესტი სწორედ ის გახლავთ, თუ როგორ შეიცვლება ხელისუფლება", - ციტირებს სტატიის ავტორი გია ნოდიას სიტყვებს.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა აღიარა საკუთარი პარტიის მარცხი, პლურალიზმის პროცესი ვარდისფერისგან ერთობ შორს იყო, - წერს პოლ რიმპლი, - სააკაშვილი პრეზიდენტად ოქტომბრამდე დარჩება, "ნაციონალური მოძრაობა" კი პარლამენტში კვლავაც ინარჩუნებს მანდატების ერთ მესამედს. თუმცა, არჩევნების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" იმ სკანდალებისა და ბრალდებებისგან უწევს თავდაცვა, რასაც "ქართული ოცნების" მხრიდან აწყდება.
"ახალი მთავრობის ზოგიერთ წევრს შორის ისეთი განცდა არსებობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" სახიფათო და პასუხისმგებელია ქვეყნის დესტრუქციაზე, და აღარ უნდა დაუშვან, რომ ეს კვლავ განმეორდეს", - ციტირებს სტატიის ავტორი დამოუკიდებელი ანალიტიკოსის მარკ მულენის სიტყვებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, "ნაციონალური მოძრაობის" ათობით მაღალჩინოსანი დააკავეს თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის. სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის რამდენიმე წარმომადგენლის, მათ შორის თბილისის მერის, საქმეებს გამოძიება განიხილავს. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან 2008 წლის კონფლიქტის გამოძიება მოითხოვა. სახალხო დამცველმა კი წარმოადგინა სამხილი, რომელიც ეწინააღმდეგება გასული წლის აგვისტოში მომხდარი შეტაკების ოფიციალურ ვერსიას, რომლის დროსაც 11 დივერსანტი და 3 ქართველი ძალოსანი დაიღუპა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ წარმოადგინა ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ხაზინიდან ათასობით დოლარი იხარჯებოდა ფუფუნებით დასვენებაზე, განსაკუთრებულ საჩუქრებსა და პრეზიდენტის ვაჟების კერძო განათლებაზე.
"ივანიშვილმა ბევრის განადგურება შეძლო. გვეგონა, მისსავე ინტერესებში იქნებოდა ერთად თანამშრომლობა, მაგრამ ყველას ამ საქმეში ჩათრევა, დიალოგის შეუძლებლობას ქმნის", - ციტირებს სტატიის ავტორი პრეზიდენტის მრჩევლის, რაფაელ გლუკსმანის სიტყვებს.
"ნაციონალური მოძრაობა", რომელიც პროევროპულ პარტიად იქცა და ბევრი ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, - წერს პოლ რიმპლი. იგი აცხადებს, რომ ივანიშვილი პრორუსული ლიდერია, რომელსაც იმ ყველაფრის განადგურება უნდა, რაც მათ ააშენეს, თუმცა ამაში ხალხის დარწმუნება რთული იქნება. მარტის კვლევებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის პარტიას 60%-იანი მხარდაჭერა აქვს მაშინ, როცა "ნაციონალურ მოძრაობას 10% უჭერს მხარს.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც საკუთარი ძალების აღდგენისთვის იბრძვის, ამას სააკაშვილის გარეშე გააკეთებს, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი ლოურენს სკოტ შითსი სტატიის ავტორთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის, რომელიც აცხადებს, რომ მოდერნიზატორი იყო და არა - დემოკრატი, პოლიტიკური მომავალი არ არსებობს.
"მისი მემკვიდრეობა მისი უმთავრესი მიღწევაა, რომელიც იმ დღეს უკავშირდება, როცა მან საკუთარი მარცხი აღიარა", - ციტირებს პოლ რიმპლი ლოურენს სკოტ შითსის სიტყვებს.