"გლობალ კონტაქტ კონსალტინგმა" ფრანგულ "ეუტელსატთან" თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც, "გლობალმა" მრავალწლიანი ლიზინგით მიიღო სეგმენტი ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ სატელიტზე "ეუტელსატ" 36 გრადუსზე, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს "გლობალ კონტაქტ კონსალტინგის" გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ განუცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული სატელიტი ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას, სხვა მიმდებარე რეგიონებს და დასავლეთ ევროპას.
როგორც ზურაბ ბაზლიძემ განმარტა, კონტრაქტი სულ ცოტა ხნის წინ გაფორმდა, ხოლო დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" მას სიმბოლურად მოაწერეს ხელი.
"გლობალის" მხრიდან ამ კონტრაქტს ხელი ზურაბ ბაზლიძემ მოაწერა, ხოლო ფრანგული მხრიდან "ეუტელსატ" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე მიხეილ აზიბერტმა.
როგორც ბაზლიძე აცხადებს, პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს ტელეკომპანიებისთვის, რომელთა გასვლა სატელიტზე დაკავშირებული იყო როგორც ლიცენზირების, ასევე მთელ რიგ ტექნიკურ და ფინანსურ სირთულეებთან, ასევე მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა სატელიტზე თავისუფალი რესურსის არარსებობა.
რაც შეეხება კონტრაქტს, ბაზლიძემ განაცხადა, რომ ეს კონტრაქტი სამწლიანია, ავტომატური გაგრძელებით იგივე პერიოდზე. რაც შეეხება ტელევიზიებს, მისი თქმით, არხებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება და ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, მხოლოდ 10 ქართული არხის მაუწყებლობას განახორციელებენ.
რაც შეეხება "ეუტელსატს", როგორც ბაზლიძე აცხადებს, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაცია მსოფლიოში.