ევროპულ სასამართლოში განხილვადამთავრებულ საქმეებთან მიმართებაში საქართველოს მთავრობის არაადეკვატურ დამოკიდებულებასა და სასჯელის გადავადების შერჩევითობაზე ადვოკატი მამუკა ნოზაძე სპეციალურ პრესკონფერენციას ადვოკატთა ასოციაციის ოფისში გამართავს.
ადვოკატის განმარტებით, სტრასბურგის საქმეებთან დაკავშირებით ხელისუფლებას არაადეკვატური დამოკიდებულება აქვს:
„ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში კომუნიკაცია დამთავრებულ საქმეებზე, ანუ განხილვა დასრულებულ საქმეებზე მეგობრულ შეთავაზებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას არაადეკვატური დამოკიდებულება აქვს, მიუხედავად ახალი ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებისა, რომლის თანახმად „ქართული სტრასბურგი საქართველოშივე იქნება“.
ხელისუფლების ეს დაპირება არ სრულდება და ადამიანებს, რომლებსაც კანონიერებისა და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი ჰქონდათ, იმედი გაუცრუვდათ. არაერთხელ შევთავაზე სამართლიანობა საქართველოშივე აღდგენილიყო, მაგრამ ჩემს ამ შეთავაზებას არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია და ამ კუთხით ვითარება ისეთივეა, როგორიც სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო.
აი, მაგალითად, გიორგი მაზანაშვილი, თითქმის, რვა წელია სასჯელს იხდის და ამ დროს, საქართველოს მთავრობა გვთავაზობს 5 500 ევროსა და მორიგებას. ამავდროულად, მთავრობა აღიარებს, რომ მაზანაშვილის მიმართ დაირღვა ევროპული კონვენციის მე-3-ე და მე-6 მუხლები. ამავდროულად, შერჩევით ხდება ავადმყოფობების გამო სასჯელის გადავადებები”.
ადვოკატი მამუკა ნოზაძე აცხადებს, სხვა კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.