გამოცემა Eurasianet აქვეყნებს მოლი კორსოს სტატიას სახელწოდებით - "ჩინური ინვესტიცია ქართული სტუმართმოყვარეობის საზღვრებს გამოცდას უწყობს".
როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბევრი ქართველისთვის რთულ მდგომარეობას ქმნის თბილისის გარეუბანში ჩინური უძრავი ქონებისა და ტურიზმის 150-მილიონ დოლარიანი პროექტის განხორციელება. პროექტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის დიდი ხნის სურვილის განხორციელებაა, თუმცა ასევე შეშფოთებას იწვევს უცხოურ ზეგავლენასთან მიმართებაში.
საბჭოეთის დროინდელი საცხოვრებელი ნაგებობების ნგრევის ფონზე, პროექტი, რომელსაც ჩინური კერძო კომპანია "ჰუალინგ ჯგუფი" ხელმძღვანელობს, თბილისში, ვაზისუბნის რაიონში 420 ჰექტარ მიწაზე გეგმავს სხვადასხვა სახის მშენებლობებს.
პირველ ეტაპზე, რომლის დროსაც 150 მილიონი დოლარი იქნება ინვესტირებული, - აღნიშნავს მოლი კორსო, - ოთხ ჰექტარზე აშენდება დასახლება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელსაც თბილისი 2015 წელს უმასპინძლებს და რომელშიც მონაწილეობას ევროპის 48 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს საცალო და საცხოვრებელი ფართის მშენებლობას, რომლის ასაგებად საჭირო თანხის რაოდენობა უცნობია.
როგორც "ევრაზიანეტის" სტატიაშია ნათქვამი, გასულ წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მთავრობამ შეაქო კიდეც "ჰუალინგ ჯგუფი" ესოდენ საჭირო ინვესტიციების მოზიდვისთვის და თბილისის მჭიდროდ დასახლებული ნაწილის ხელმოკლე მოსახლეობის დასაქმებისთვის. პირველ ეტაპზე პროექტში განხორციელებული ინვესტიციის დონე ხუთჯერ აღემატება 2012 წელს საქართველოში განხორციელებულ ჩინურ ინვესტიციებს.
ამავდროულად ხმები, რომ პროექტში 127 ათასი ჩინელი იმიგრანტი დასაქმდება და თბილისში იცხოვრებს, - წერს მოლი კორსო, - ადგილობრივების შეშფოთებას იწვევს, რადგან უცხოელები მათ საკუთარ მიწაზევე ართმევენ ისედაც რთულად საშოვნელი სამუშაოს პოვნის შესაძლებლობას.
"თუ ამდენი ჩინელი ჩამოვა, ჩვენ აღარაფერი დაგვრჩება",- ციტირებს სტატიის ავტორი ქართველი პენსიონერის სიტყვებს.
როგორც მოლი კორსო წერს, გასულ წლებში თბილისმა უკვე იწვნია აფრიკელი და სამხრეთ აზიელი, ისევე როგორც ჩინელი მოვაჭრეებისა და არაბი ინვესტორების შემოჭრა. მაგრამ ქვეყანაში, რომელიც 4,49 მილიონი მოსახლეობისგან შედგება და უმუშევრობა 50%-ზე მეტს აღწევს, ამ ვიზიტორებს ზოგჯერ უფრო ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევენ, ვიდრე - შესაძლებლობების წყაროდ.
"ხალხმა არ იცის, თუ როგორ ითანამშრომლოს, როგორ იკოჰაბიტაციოს სხვა ხალხებთან. ჩინელების შემთხვევაში კი, ჩემი აზრით, ხალხში შექმნილია წარმოდგენა, რომ ეს უზარმაზარი და უზომოდ დასახლებული ქვეყანაა და მათ როგორღაც კიდევ უფრო გაფართოება სწადიათ", - აცხადებს "ევრაზიანეტთან" საუბრისას ნანა ბერეკაშვილი, ეროვნული უმცირესობებისა და გენდრული საკითხების პროგრამის მენეჯერი.
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ "ჰუალინგ ჯგუფის" წარმომადგენლები უარყოფენ, რომ თბილისში ჩინელთა მასიურ დასახლებას გეგმავენ. საცხოვრებელი სახლები, რომელთა მშენებლობა ოლიმპიური სოფლის დასრულების შემდეგ დასრულდება, ღია ბაზარზე გაიყიდება და არ არის გათვლილი 127 ათას ადამიანზე.
როგორც კომპანიის პრესმდივანი თინა შიშინაშვილი აცხადებს, პროექტში დასაქმებული 659 ადამიანიდან 531 საქართველოს მოქალაქეა.
სტატიის მიხედვით, არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში და არც თბილისის მერიაში არ გააკეთეს კომენტარი დაგეგმილ ინვესტიციებზე. პროექტის არქიტექტურული გეგმა კი კვლავ მერიის თანხმობას ელოდება.
საქართველოში "ჰუალინგ ჯგუფის" ინტერესები უჩუელო არ გახლავთ, - აღნიშნავს "ევრაზიანეტის" ჟურნალისტი, - ჩინური კომპანიები წარსულშიც ახორციელებდნენ ფართომასშტაბიან ინვესტიციებს - დაწყებული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობით, დამთავრებული სარკინიგზო გვირაბით. 591,5 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვით, 2012 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს რიგით მეოთხე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო.
თუმცა, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - ქართველთა დამოკიდებულება ჩინელებისადმი – და ზოგადად, იმიგრანტებისადმი, - კვლავაც რთულია. 2010 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ თუ 2,089 გამოკითხული ქართველიდან 57% მხარს უჭერს ჩინელებთან ერთობლივი ბიზნესის წარმოებას, 80% მათთან დაქორწინების წინააღმდეგია. მართალია, ქართული კულტურა სტუმართმოყვარეობასა და სტუმრისადმი პატივისცემას ითვალისწინებს, თუმცა, - წერს სტატიის ავტორი, - როგორც ბერეკაშვილი აღნიშნავს, ქართველები შერჩევითი პრინციპით უდგებიან, რომელი ეთნიკურ ჯგუფს დახვდნენ გულუხვად.
"ქართველები სტუმართმოყვარეობით გამოირჩევიან დასავლეთის ერებისადმი, ევროპელებისადმი, ამერიკელებისადმი, თუმცა იშვიათად სხვა ერებისადმი", - ციტირებს სტატიის ავტორი ნანა ბერეკაშვილის სიტყვებს.
"ჩინელი ბიზნესმენისთვის იუ ჰუასთვის საქართველო კვლავაც შესაძლებლობების ქვეყნად რჩება, თუმცა ის აღნიშნავს, რომ მთავრობამ და მედიამ "სწორი ინფორმაცია" უნდა მიაწოდოს ხალხს, რათა გაფანტოს მოარული ხმები, რომელმაც შესაძლოა, შეარყიოს ქართულ-ჩინური ბიზნეს ურთიერთობები", - ნათქვამია "ევრაზიანეტის" სტატიაში.
ამ ეტაპზე, - წერს მოლი კორსო, - შეხედულებები ამ საკითხზე არაერთგვაროვანია. გასული თვის ერთ დღეს, როდესაც ევროპელ ახალგაზრდათა ოლიმპიურ სოფელში მცირე ჯგუფი გაწმენდით სამუშაოებს ატარებდა, გვერდზე მდგომმა დამკვირვებლებმა ჩინური პროექტი გინებითა და წყევლით "შეამკეს".
თუმცა, - აღნიშნავს სტატიის ავტორი, - 65 წლის, მზესუმზირის გამყიდველი ქალბატონი მაინც ოპტიმისტურადაა.
"ვნახოთ, რა მოხდება. არა მგონია, ცუდი მოხდეს", - ციტირებს სტატიის ავტორი ქართველი ქალბატონის სიტყვებს.