21 მარტს სასაზღვრო პოლიციის მე-3 სამმართველოში, წითელ ხიდზე, მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მესაზღვრეებს პროფესიული დღე შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირადად მიულოცა.
საიუბილეო დღეს სასაზღვრო პოლიციის 42 მოსამსახურე და მესაზღვრე, რომლებმაც თავი გამოიჩინეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და სასაზღვრო უწყების განვითარების საქმეში, მედლებით, სამკერდე ნიშნებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ირაკლი ღარიბაშვილმა 12 მესაზღვრეს „მინისტრის სიგელი" გადასცა.
ღონისძიებაზე სასაზღვრო პოლიციის დირექტორმა, პოლკოვნიკმა კობა ბოჭორიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს „საპატიო მესაზღვრის" სამკერდე ნიშანი გადასცა.
ღონისძიებას დაესწრნენ: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები, ავსტრიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები, ასევე ევროკავშირის, გაეროს განვითარების, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის და საქართველოში ნატოს ოფისის წარმომადგენლები.
მესაზღვრეების პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოთში, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტშიც გაიმართა. სანაპირო დაცვის თანამშრომლებმა, დაღუპული მეომრების ხსოვნის პატივსაცემად, შავ ზღვაში კატარღებით შეცურეს და ზღვაში გვირგვინი ჩაუშვეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მესაზღვრეების პროფესიული დღე საქართველოში 14 წელია აღინიშნება.