საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული მცირემიწიან ფერმერთა ხელშეწყობის საგაზაფხულო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ბარათს 700 000-ზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს. პირველ ეტაპზე, აგროვადების გათვალისწინებით, რიგდება კომბინირებული ბარათები, რომელიც მიწის ხვნისა და დადისკვის სამუშაოებს ითვალისწინებს. ამ დროისთის 560 494 მიწის მესაკუთრემ უკვე მიიღო კომბინირებული ბარათები ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შესაძენად განკუთვნილი ნომინალური ბარათების დარიგება პროგრამის მეორე ეტაპზე დაიწყო და ამჟამად ამ ტიპის ბარათი უკვე მიღებული აქვს 207561 ბენეფიციარს ზემოაღნიშნულ რეგიონებში.
ბარათების გამოყენებით ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და იმერეთში უკვე მოიხნა 10072 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჯამში დაეხმარება 700 000-ზე მეტ მიწის მესაკუთრეს, ვისაც აქვს 0-დან 5 ჰექტრის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მცირემიწიანი ფერმერები სასოფლო-სამეურნეო ბარათის ფორმით მიიღებენ მათ სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის კატეგორიის შესაბამის სარგებელს.
0.25 ჰექტარზე მცირე ზომის მიწის მესაკუთრეები, რომელთა კუთვნილ ნაკვეთებშიც ტექნიკის შესვლა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიიღებენ 100 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა;
0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწათმესაკუთრეები (ეს არის ბენეფიციართა ძირითადი ჯგუფი), რომელთაც გააჩნიათ სახნავი ფართობი, მიიღებენ კომბინირებულ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით. 1 ჰა-ზე გასაცემი კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათი შედგება 2 კომპონენტისგან: 1. ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება;
2. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი - 300 ლარის ღირებულებით.
ის ფერმერები, რომელთაც აქვთ ანალოგიური ზომის მრავალწლიანი ნარგაობა, მიიღებენ სასოფლო-სამეურნეო ბარათს 510 ლარის ღირებულებით 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით, რომლითაც შეეძლებათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;
0.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი ნარგაობის მქონე ფერმერები მიიღებენ 640 ლარის ღირებულების მხოლოდ ნომინალურ სასოფლო-სამეურნეო ბარათს, რომლითაც შეეძლებათ მხოლოდ შესაბამისი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლის და ინვენტარის შეძენა მომწოდებლებისგან;