შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, ინტერპოლის გენერალური სამდივნოსა და თბილისის ინტერპოლის ბიუროს მიერ ორგანიზებული I-Link ტრენინგი დაიწყო. ტრენინგში მონაწილეობას იღებენ როგორც თბილისის ინტერპოლის, ასევე 15 ქვეყნის სამართალდამცველი სტრუქტურების წარმომადგენლებიც. მსგავსი ტრენინგები აქამდე მხოლოდ ინტერპოლის სათავო ოფისში ტარდებოდა.
I-Link არის ინტერპოლის მონაცემთა ბაზების სისტემა, რომლის მეშვეობითაც ნებადართულ პირს შესაძლებლობა აქვს განათავსოს ან წაშალოს საკუთარი ინფორმაცია ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მონაცემთა ბაზებში. I-Link აერთიანებს მთელი მსოფლიოს უნიკალურ პოლიციურ მონაცემებს, რომელიც ხელს უწყობს პოლიციელებს კრიმინალის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლაში.
სწავლების პერიოდში საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, ინტერპოლის გენერალური სამდივნოს წარმომადგენლები და ტრენინგში მონაწილე პოლიციის ოფიცრები შსს-ს მომსახურების სააგენტოს ეწვევიან, სადაც გაეცნობიან საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს მიერ ინტეგრირებული
"FIND" სერვისის სისტემას. საქართველოს მასშტაბით, ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელიც მივა მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ განყოფილებაში, გადამოწმებული იქნება ინტერპოლის მონაცემთა ბაზაში. რამდენიმე წამში მომსახურების სააგენტოს თანამშრომელს ექნება ინფორმაცია ავტოსატრანსპორტო საშუალების ძებნილობის შესახებ.
საქართველოში ბოლო 1 წლის განმავლობაში 216 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა გადამოწმებული, აქედან 140 მათგანი იძებნებოდა.
ტრენინგი, რომელსაც სპეციალურად საფრანგეთიდან, ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან ჩამოსული თანამშრომლები უძღვებიან, 19 მარტს დაიწყო და 4 დღე გაგრძლედება.