საქართველოს გენერალთა კლუბი ნუგზარ წიკლაურს განცხადებით პასუხობს, რომელსაც "for.ge" გთავაზობთ უცვლელად:
"საქართველოს გენერალთა კლუბი თავს ვალდებულად თვლის პასუხი გასცეს პარლამენტარ წიკლაურს, 8 მარტს ტელეკომპანია `რუსთავის 2-ის ეთერში ნინო შუბლაძის გადაცემა `პოზიციაში" თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი სესიაშვილთან დებატების დროს საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრის გენერალ-ლეიტენანტ დავით თევზაძის კრიმინალთან გაიგივების გამო.
ვთვლით, რომ საქართველოს გენერალთა კლუბის ერთ_ერთი დამფუძნებელი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, ევროკავკასიური უნივერსიტეტის პრორექტორი, აშშ-ს ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, გენერალ -ლეიტენანტი დავით თევზაძე ჩვენი ქვეყნის ღირსეული წარმომადგენელია. მან თავისი ცხოვრების გზა სამშობლოს მიუძღვნა და მისდამი მსახურება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში თავისი მამაცობითა და დაღვრილი სისხლით გამოხატა. მიიღო უმაღლესი სამხედრო განათლება ნატოს წევრი სახელმწიფოების უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში. ღირსების, მამაცობის, საბრძოლო გამცდილების და სამხედრო განათლების გამო მიენიჭა მას გენერლის წოდება და დაინიშნა თავდაცვის მინისტრად. სწორედ მისი მინისტრობის დაიწყო ნატოსთან ინტეგრაციის პროცესის ყველაზე აქტიური ფაზა. სწორედ მისი მინისტრობის დაიწყო შეიარაღებული ძალების ძირეული რეფორმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცრების მასობრივი გაგზავნა საზღვარგარეთის პრესტიჟულ უმაღლეს სამხედრო სასწავლებელებში, რომელთაც უნდა აეშენებინათ მომავალში ქართული არმია, და რომელთაA უდიდესი ნაწილი სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში იქნა უკანონოდ დათხოვნილი შეიარაღებული ძალების რიგებიდან სწორედ იმის გამო, რომ იყვნენ განათლებულები, გამოცდილები და მათი ცხოვრების კრედო სამშობლოს სიყვარული და ოფიცრის ღირსებაა.
დავით თევზაძის დროს დაიწყო წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა, მის დროს ჩაეყარა საფუძველი და დაიწყო სამშვიდობო მისიებში ჩვენი შეიარაღებული ძალების რიგებიდან პირადი შემადგენლობის გაგზავნა. მიუხედავად თავდაცვის სამინისტროს 30 მლ. ბიუჯეტისა, საიდანაც 18 მლ. დაცული მუხლი იყო, კონტროლდებოდა ყველა ის სტრატეგიული სიმაღლე და ის ტერიტორიები, რომლებიც ასე ჩალის ფასად გადაულოცა ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ მათთვის ეგრეთწოდებულ "არასასურველ" რუსეთს.. მიუხედავად მწირი ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობებისა ბრძოლისუნარიანობითა და მოტივირებით გაცილებით ქმედითუნარიანი იყო, ვიდრე ვარდოსანთა არაპროფესიონალებითა და პარტიული ნიშნით დაკომპლექტებული მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე თავდაცვის უწყება, რომელმაც არა მარტო ტერიტორიების ნაწილი დაგვაკარგინა, არამედ ბევრი ღირსეული მამულიშვილის სიცოცხლეც შეიწირა. ქვეყნის თავდაცვის უწყება გადააკეთეს თავიანთ პარტიულ გვარდიად და ფუნქციებიც შიდა მიტინგების დარბევებით შემოუფარგლეს
აქედან გამომდინარე, მოვითხოვთ ოფიცრის ღირსებისა და მუნდირის შეურაცხყოფისაგან თავის შეკავებას. საკმაო დრო დაუთმო ქვეყნის მოსახლეობამ ვარდოსანთა უპასუხისმგებლო და არაფრისმომცემი განცხადებებისა და ქმედებების მოსმენასა და ყურებას.. ამ დროისათვისაც არ ეშვებიან არაფრის მომცემ დემაგოგიას და ცდილობენ საბოტაჟის რეჟიმში გააგრძელონ მოღვაწეობა.
აწ უკვე ქართველი ხალხისგან უარყოფილი ნაციონალური მოძრაობა ყველანაირად ცდილობს ჩაკლას ქართველ ხალხში საბრძოლო სულისკვეთება და ამისათვის სამიზნედ ყოველთვის იმ ადამიანებს ირჩევს, რომელთა დამსახურება სამშობლოსა და საკუთარი ხალხის წინაშე ეჭვქვეშ არასდროს მდგარა. სამშობლო ხაჭაპური არაა, მარტო ყველი გამოჭამო და ცომი გადააგდო. სამშობლოს მსახურებას ღირსება და მამაცობა სჭირდება, ისეთი ადამიანებისა, როგორიც დავით თევზაძეა და არა თბილი სავარძლებიდან ბოლშევიკური აზროვნების მქონე პირების მიერ ნოტაციების კითხვა საკუთარი ხალხისთვის `ვინც ჩვენთან არ არის, ყველა ჩვენი მტერია~.
ყველა იმ პირს, რომელიც სამშობლოს ჯარისკაცებზე რაიმე უარყოფითის თქმას აპირებს, მოვუწოდებთ, გაითავისოს რას ამბობს და სხვის თვალში ბეწვის ძიებას, სჯობია საკუთარი თვალიდან დირე გამოიღოს", - ნათქვამია საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადებაში.