სოფლის მეურნეობის მინისტრს მრჩეველთა საბჭო ეყოლება

სოფლის მეურნეობის მინისტრს მრჩეველთა საბჭო ეყოლება

სოფლის მეურნეობის მინისტრს მრჩეველთა საბჭო ეყოლება. საბჭოს საქმიანობის მიზანს უწყების მმართველობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და მისი მინისტრისთვის წარდგენა წარმოადგენს.

"სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველთა საბჭოს შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ" ბრძანებას დავით კირვალიძემ ხელი უკვე მოაწერა და დოკუმენტი "საკანონმდებლო მაცნეში" გამოქვეყნდა.

დებულების თანახმად, საბჭოს კომპეტენციას წარმოადგენს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და წარდგენა შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: აგრარული რეფორმების განხორციელებისთვის ხელშეწყობა; ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, კვებისა და გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა; აგროსასურსათო სექტორის რენტაბელობის ზრდისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა; სოფლის მეურნეობის ეკოლოგიური პროდუქციის წარმოების ხელშეწყობა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება; სოფლის მეურნეობის პროდუქციის საექსპორტო და იმპორტჩანაცვლების პოტენციალის გაზრდა; სოფლად კოოპერატივების ჩამოყალიბებისა და განვითარების ხელშეწყობა; სოფლად საწარმოო ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და სურსათის წარმოება-რეალიზაციის ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების შეთავაზება; დარგობრივი პრიორიტეტების განსაზღვრა, ა გროსასურსათო სექტორის განვითარების კონცეფციისა და სტრატეგიის შემუშავება; აგროსასურსათო სექტორის სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების, სრულყოფის, ნორმატიული აქტების პროექტების (მათ შორის - ტექნიკურ რეგლამენტების) მომზადების პროცესში მონაწილეობა; ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების, ასევე, მეცხოველეობის სფეროს რეგულირება;

საბჭოს შემადგენლობა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განისაზღვრება. ამასთან, დებულებაში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურებადია, ანაზღაურების ოდენობა კი საბჭოს წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.