გარემოს დაცვის სამინისტრო რკინიგზის დეპარტამენტს უკანონო ქმედებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობას, რის შესახებაც დღეს for.ge-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - “ხარაგაულის სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა“. გარემოს დაცვის სამინისტროდან სწორედ ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ დაგვიკავშირდნენ და განმარტება გააკეთეს.
“გასული წლის დეკემბერში გარემოს დაცვის სამინისტრომ რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის, კერძოდ, ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის მონაკვეთზე ინსპექტირება განახორციელა; ამ პროცესში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლებიც ჩართულები იყვნენ. ტერიტორია კომპლექსურად შემოწმდა, როგორც ზიანის შეფასების, ისე გარემოს დაცვის კუთხით.
რკინიგზის დეპარტამენტს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის პირობები დარღვეული აქვს. ზარალი სოლიდურია. გარემოს დაცვითი პირობების დარღვევის კუთხით საქმე სასამართლოშია გადაგზავნილი. ზიანის მიყენების მხრივ დამატებითი დოკუმენტაციაც გადაიგზავნება“, - განმარტა გარემოს დაცვის სამინისტრომ.
ასევე გვაცნობეს ისიც, რომ სამინისტროსა და რკინიგზის დეპარტამენტს შორის მიმოწერა მიმდინარეობს, მაგრამ სამინისტრო რკინიგზის დეპარტამენტს არ ეთანხმება გვირაბიდან მოხსნილი მთის ფენის, ანუ ნარჩენების განთავსების ადგილზე. “ისინი დღემდე აგრძელებენ თავიანთ უკანონო ქმედებას, ანუ ზიანი ზიანს ემატება“, - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ ხვალ, 20 თებერვალს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაზალეთში საპროტესტო აქცია მოეწყობა, რისი მიზეზიც არის რკინიგზის ახალი ხაზის მშენებლობის შედეგად გარემოს დაბინძურება. ამ აქციის შესახებ for.ge-ს აცნობა არასამთავრობო ორგანიზაციის “სხივი“ თავმჯდომარემ იზა ვეფხვაძემ.
“გვირაბების აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს უკანონად ყრიან სოფლის საძოვრებზე, ხევებსა და მდინარის კალაპოტებში, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უმძიმეს მდგომარეობას ქმნის. შესაბამისი სპეციალისტების განმარტებით, ხარაგაულის სოფლები ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. სოფლების მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ ორგანოებს, მათაც არაერთი შეხვედრა გამართეს და შეტყობინება გაგზავნეს რკინიგზის დეპარტამენტსა და გარემოს დაცვის სამინისტროში, მაგრამ უშედეგოდ - ნარჩენების დაყრა კვალავაც ინტენსიურად გრძელდება“, - ამბობს იზა ვეფხვაძე.