ინტერვიუ პროფესორ ჯონ მაკდონალდთან. 40-წლიანი გამოცდილების მქონე დიპლომატი საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს
თუ შეიძლება, მოგვიყევით თქვენ მიერ სამხრეთ კავკასიისთვის შემუშავებული სამშვიდობო პროექტის შესახებ.
ჩემთვის დიდი პატივია ამერიკის ხმის მოწვევა. უპირველეს ყოვლისა უნდა გითხრათ, რომ უღრმეს პატივს ვცემ თქვენს მაუწყებლობას იმ დიდი წვლილისთვის, რომელიც მან მთელ მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებაში შეიტანა.
საქართველოთი 1991 წელს დავინტერესდი, როცა პროფესორ დაიმონდთან ერთად გამოვეცი წიგნი მრავალარხიანი დიპლომატიის შესახებ. იმავე პერიოდში ჩვენ მიერ დაარსებული მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი საქართველოსთან მუდმივად თანამშრომლობდა. ჩვენი ინტერესები ძირითადად კონცენტრირებული იყო კონფლიქტურ რეგიონებში მშვიდობის დამყარების პრობლემებზე.
სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო გეგმით და კერძოდ, აფხაზეთში სამშვიდობო ზონის შექმნით, დაინტერესდა მაშინდელი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ამ თემაზე ინტენსიური მუშაობა დავიწყეთ, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა, რომელმაც პროცესი მაშინათვე შეაჩერა.