ჰელენ კლარკი სოფლის მეურნეობაში და პროფესიული განათლების განვითარებაში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს გაეცნო

ჰელენ კლარკი სოფლის მეურნეობაში და პროფესიული განათლების განვითარებაში განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებს გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელთან ჰელენ კლარკთან ერთად სოფელ კაჭრეთიში მდებარე პროფესიული კოლეჯი ,,აისი“ მოინახულეს. სტუმრები ადგილობრივ ფერმერებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს შეხვდნენ. 

გაეროს განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა და განვითარებაა. განსაკუთრებული ყურადღება კი სოფლის მეურნეობის დარგში პროფესიული განათლების, ფერმერთა საკონსულტაციო მომსახურების და ამ სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებს ექცევა. სწორედ ამიტომ, აღნიშნული კოლეჯი UNDP-ის ხელშეწყობით და დაფინანსებით შეიქმნა. იგი უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს და მრავალი პროფესიონალი კურსდამთავრებული ჰყავს.

ჰელენ კლარკმა კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, გაეცნო იქ არსებულ სიახლეებს, მიმდინარე პროგრამებს და ადგილზე წარმოებული პროდუქციაც დააგემოვნა.

,,ყველამ კარგად იცის რომ საქართველოში ნამდვილად არის ძალიან დიდი სასოფლო-სამეურნეო რესურსი. ასეთი სასწავლო დაწესებულებების არსებობა კი ძალიან წაადგება სოფლის მეურნეობის სექტორის რეალურ განვითარებას. აქ მიმდინარეობს პროფესიული განათლებისა და პრაქტიკული ცოდის მიღება-გაღრმავება. ათწლეულების მანძილზე მსოფლიოში ბევრი ცვლილება და ტექნოლოგიური წინსვლა განხორციელდა სოფლის მეურნეობის სექტორში და ამიტომ, აუცილებელია საქართველომ დიდი ძალისხმევა გასწიოს, ფეხი აუწყოს განვითარების ტემპს და თვითონაც მიაღწიოს წარმატებას“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ჰელენ კლარკმა.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ სტუმრებთან ერთად კოლეჯში არსებული მეცხოველეობის ფერმა და საკონსერვო წარმოებაც დაათვალიერა, თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ მიმდინარე ლექციას დაესწრო და გადამზადებაზე მყოფ მექანიზატორებს შეხვდა.

,,დღეს საქართველოში სოფლის მეურნეობას დიდი ყურადღება ექცევა, ძალიან ფართო მასშტაბიანი პროგრამები ხორციელდება და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამ პროექტების განხორციელებას კი კვალიფიციური და პროფესიონალი კადრები სჭირდება. სწორედ აღნიშნული კოლეჯი არის კარგი მაგალითი, როგორ უნდა მოხდეს თანამშრომლობა. პროფესიული კოლეჯი ,,აისი“ ერთ-ერთია იმ რვა პროფესიულ კოლჯს შორის, სადაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით 2013 წლის თებერვლიდან აპრილის ჩათვლით 900-მდე ტრაქტორისტ-მემანქანე პროფესიული გადამზადების კურსს გაივლის და უკვე კვალიფიციური კადრები კი საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმდებიან“, - განაცხადა დავით კირვალიძემ. მინისტრმა აღნიშნა, რომ გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის ჰელენკლარკის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადაგან UNDP-ი არის ერთ-ერთი ძირითადი დონორი და მხარდამჭერი სოფლის მეურნეობის კუთხით მიმდინარე პროგრამების. პროფესიული განათლება კი არის ის სფერო, რომლის განვითარებაც მნიშვნელოვანია როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე სხვა სექტორში მოსახლეობის დასაქმებისთვის.