სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონპროექტის საჯარო განხილვას დაესწრო.
კანონპროექტის საჯარო განხილვასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრაში საქართველოს პარლამენტის, სამეცნიერო-აკადემიური ინსტიტუტების, ევროკავშირის, საქართველოში მოქმედი განვითარების საერთაშორისო სააგენტოების (FAO, UNDP, Mercy Corps, ACF, CARE, HEIFER), აგრეთვე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და ექსპერტებმა მიიღეს მონაწილეობა. სხდომას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგლა აგულაშვილი უძღვებოდა.
"სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული კოოპერაციის შესახებ კანონის შემუშავებაში. სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის ხელშეწყობა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. კოოპერირების გაძლიერება მასში ჩართული ფერმერების შემოსავლების ზრდას უზრუნველყოფს", - განაცხადა შერვაშიძემ.
ფერმერებისა და დაინტერესებული სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნების და წინადადებების გათვალისწინების მიზნით, კანონპროექტის საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში უკვე ჩატარდა. დღევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანს კი კანონპროექტის საბოლოო შეჯერება და პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე განხილვისათვის მომზადება წარმოადგენდა. შეხვედრა საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM-ის (დიდი ბრიტანეთი) ორგანიზებითა და ხელშეწყობით გაიმართა.
"სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი არეგულირებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნებასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიმართ სახელმწიფოს ხელშეწყობის ისეთ ღონისძიებებს, როგორებიცაა შეღავათიანი საკრედიტო რესურსებისა და გრანტის მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა, საგადასახადო შეღავათების დადგენა, საკონსულტაციო და სარეკომენდაციო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სხვა.