ზაზა სარალიძე თბილისის მერს კახა კალაძეს მადლობას უხდის

ზაზა სარალიძე თბილისის მერს კახა კალაძეს მადლობას უხდის

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძე თბილისის მერს კახა კალაძესა და საპატრულოს წარმომადგენელ გოგა მემანიშვილს მადლობას უხდის. ზაზა სარალიძის განცხადებით,  თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აქციის მონაწილეების კარვებში ელექტროენერგია შეიყვანა და ოთხი გამათბობელი დაამონტაჟა.

„შეშის ღუმელები მოვიტანეთ, სავსეა კარავი შეშით. მერე მოვიდა პატრულის უფროსი და გვითხრა, დენს გამოგიყვანენ, ესენი არ დადგათო. მან ადამიანური თვალით შემოგვხედა. მადლობას გადავუხდი კახა კალაძეს და იმ ადამიანს, გოგა მემანიშვილს, რომელიც არის აქ საპატრულოს უფროსი, ვინც იცავს ჩვენს უსაფრთხოებას. ეს ადამიანი რომ არ ყოფილიყო, არც დენი იქნებოდა და არც არაფერი. მან დაამყარა კომუნიკაცია თავის უფროსებთან, როგორც ჩანს, მერიასთან მივიდა ეს ჩვენი პირობა და დენი გამოგვიყვანეს“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტთან რამდენიმე თვეა, შვილმკვდარი მამების აქცია მიმდინარეობს. ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მათი შვილების მკვლელების დასჯას ითხოვენ.