პატრიარქის უმთავრესი სიხარული და სურვილი არის, რომ ერი უფრო ახლოს მოვიდეს ტაძართან

პატრიარქის უმთავრესი სიხარული და სურვილი არის, რომ ერი უფრო ახლოს მოვიდეს ტაძართან

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ, მიტროპოლიტმა შიომ მრევლს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანის დღე მიულოცა. მათ პატრიარქის კურთხევა და დალოცვა გადასცა.

მიტროპრლიტმა ღვთისმშობლის ტაძარში მიყვანის დღის შესახებ იქადაგა. მეუფე შიომ დღევანდელი დღე განსაკუთრებით მიულოცა უწმინდესს და აღნიშნა, რომ პატრიარქის ღვაწლი ეს არის ერის ტაძრად მოყვანების ღვაწლი.

„უწმინდესის უმთავრესი სიხარული და სურვილი ეს არის, რომ ერი უფრო ახლოს მოვიდეს ტაძართან.

დღეს არის დღე, როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ტაძარზე, მის მნიშვნელობაზე. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შეიყვანეს ძველი აღთქმის ტაძარში. ეს ტაძარი იყო საყვარელი ყოველი ებრაელისთვის. იყო სიმბოლო ისრაელის რჩეულობისა. იქ აღესრულებოდა მსხვერპლშეწირვა. წელიწადში რამდენჯერმე მთელი ისრაელიდან მიდიოდნენ ებრაელები იქ ლოცვისთვის, მსხვერპლშეწირვისთვის, იხსენებდნენ თავისი ერის ისტორიას და სულიერად ძლიერდებოდნენ.

თუ ძველი აღთქმის ტაძარში შეიწირვება სისხლიანი მსხვერპლი, ჩვენი, ახალი აღთქმის ტაძარში შეწირულია თავად მესია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე და შემდეგ მარადიულად შეიწირვის უსისხლო მსხვერპლი ყოველი ჩვენგანის სულის ხსნისათვის და ცხოვრებისთვის.

მადლობა ვუთხრათ უფალს, რომ ჩვენ დღეს ვართ ახალი ისრაელი – ჩვენ, ქრისტიანები. უფალი გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ ვილოცოთ ტაძარში, გავიხსენოთ ისტორია და სისხლიანი მსხვერპლი შევწიროთ, როგორც ძველ აღთქმაშია, არამედ, ჩვენ უმჭიდროესად ვეზიაროთ თავად ღმერთს. ეს არის ტაძრის მთავარი დანიშნულება, რომ ჩვენ ვეზიარებით უფალსა და ღმერთსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ჩვენი სულიერი, ფიზიკური და ხორციელი ბუნებაც ხდება თანაზიარი ღვთაებრივი ბუნების და ღმერთი ხდება ჩვენი ნაწილი. ეს არის უდიდესი საიდუმლოება. ამიტომ, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ამ ტაძარს.

ეს ჩვენი ტაძრად შესვლის დღეცაა, რადგან როგორც 3 წლის ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი შევიდა ღვდელმთავრის მიერ წმიდათაწმიდაში, ასევე თითოეული ადამიანი მოწოდებულია შევიდეს წმიდათაწმიდაში. ადამიანის დანიშნულებაა, იყოს ზიარი მარადიული სიხარულს”, – განაცხადა საპატრიარქო ტახტის მემკვიდრემ.