"სემენჩენკო თბილისშია, მან დიპლომატიურ სკანდალში ჩაგვითრია"

უკრაინის პრეზიდენტის, პეტრე პოროშენკოს მრჩეველის, იური ბირიუკოვის ინფორმაციით საქართველოში დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებთან ერთად რადას დეპუტატი სემიონ სემენჩენკოც იმყოფებოდა.

ამის შესახებ პოროშენკოს ადმინისტრაციის წარმომადგენელმა "ფეისბიქის" პირად გვერდზე დაწერა და აღნიშნა, რომ პარტია "სამოკომეშის" დეპუტატმა უკრაინა დიპლომატიურ სკანდალში გახვია.

„სხვადასხვა სახის კონტაქტები მაქვს და დამიდასტურეს ინფორმაცია, რომ სემენჩენკო თბილისშია, მან ჩაგვითრია დიპლომატიურ სკანდალში, თავისი ხალხი მიატოვა და ბოლო მომენტში გაიქცა“, - წერს სოციალურ ქსელში უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი.

ცნობისთვის: ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეცოპერაცია თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო “გურუსა“ და “ალიანსში“ ჩაატარა. დაკავებულები არიან უკრაინის მოქალაქეები: ო.ნ., რ.მ., დ.კ. ი.კ., ი.ო., ს.კ. და საქართველოს მოქალაქე ლ.ჩ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.

"უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში 27 ნოემბერს ჩამოვიდნენ. მოცემულ მომენტში მათი საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტულ მიზნებზე და ამოცანებზე გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაადგენს არის თუ არა კავშირში დაკავებული უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან. ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია“,- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.